პოლიტიკა

ზურაბიშვილი განმარტავს, რაზე სურს რეფერენდუმის ჩატარება

Netgazeti.ge წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს საკუთარ შეთავაზებას რეფერენდუმთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისი მიზანი კონსტიტუციის გამეორება არაა.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით უკვე გაწერილია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეფერენდუმზე კი უნდა დაისვას კითხვა „ქართული ქარტიის“ შესახებ, როგორც სამოქმედო გეგმაზე ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად:

„რეფერენდუმი არ არის იმისთვის, რომ გავიმეოროთ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია. კონსტიტუციამ დაადგინა, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა. რეფერენდუმმა უნდა კითხვა დასვას და ხელმოწერები მოგროვდეს იმაზე, რომ ქართული ქარტია არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ეს ევროპული მომავალი.

ეს არის ერთგვარი ვარჯიში, წინასაარჩევნო ვარჯიში, რომ გავიტანოთ ეს სარეფერენდუმო კამპანია რეგიონებში და ავუხსნათ, რა არის ქარტია — ეს არის ის, რაც მიგვიყვანს იმ ევროპულ გზაზე, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში და ამას არაფერი შეცვლის.

დღეს, 11 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა და მათ კითხვებს უპასუხა.

რაც შეეხება შეთავაზებას რეფერენდუმზე, რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, ენერგია 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიემართათ.

ზურაბიშვილმა სწორედ აქციაზე შეკრებილებთან გაახმიანა პირველად ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button