ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი – ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სტრატეგიული ინტერესები

1tv.ge წერს, რომ ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაქსიმალურად გვქონდეს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული, კომერციული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, ეს პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ინვესტორის საკითხს, ამაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი, მეც უშუალოდ. მათ აქვთ სრული ინფორმაცია. იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, ჩვენ გვყავს მეორე კომპანია, ასევე, რამდენიმე ქვეკონტრაქტორი. აგრეთვე მოიზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი მაღალი რეპუტაციის, მათ შორის, ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა. ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად გვქონდეს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული, კომერციული ინტერესები. ამიტომ ეს პროცესიც მიმდინარეობს მაქსიმალური პასუხისმგებლობით.

რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომლებზეც საჯაროდაც მქონდა საუბარი, რათა სრულად შესაბამისობაში იყოს მიღებული წინადადება ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ლევან დავითაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად. იცით, რომ აყვანილი გვყავს ბელგიური საერთაშორისო საინჟინრო კომპანია, რომელიც არის სამშენებლო ნაწილში ჩვენი კონსულტანტი. აზუსტებს დეტალებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას კიდევ ერთი ან ორი კვირა დასჭირდება. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა და, ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, ხარისხიანი შედეგი დაიდოს ორივე მიმართულებით“.

ნახეთ მეტი
Back to top button