პოლიტიკა

ერევანი და ბაქო უფრო ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. ტოივო კლაარი

ტოივო კლაარნმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ კითხვებს პროსამთავრობო სააგენტო Report-თან ინტერვიუში უპასუხა. სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებზე და მიმდინარე წლის სამშვიდობო პროცესებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მანდატის ფარგლებში რეგულარულად სტუმრობს აზერბაიჯანსა და სომხეთს რეგიონში დიალოგის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ლიდერებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების ინტერესს, გვაცნობონ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის პროგრესის შესახებ. ჩვენ ასევე გავცვალეთ მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ შევაფასოთ და მხარი დავუჭიროთ რეგიონში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, ჩემმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ევროკავშირის მაღალი დონის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდასაჭერად“, – განაცხადა კლაარმა.

მან აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბოლო თვეებში უფრო შეზღუდული იყო, წინა ორ წელთან შედარებით, ისინი სიამოვნებით აღრიცხავენ სომხურ-აზერბაიჯანულ ორმხრივ შეხვედრებში მიღწეულ პროგრესს“. კლაარმა ხაზი გაუსვა სომხეთ-აზერბაიჯანის 2023 წლის 7 დეკემბრის ერთობლივ განცხადებას და ასევე 2024 წლის 19 აპრილის საზღვრის დელიმიტაციის განცხადებას. „ამ ყველაფერმა შექმნა ხელსაყრელი პირობები დიდი ხნის ნანატრი სამშვიდობო შეთანხმების დასადებად და, ჩემი დაკვირვებით, მხარეები ახლა უფრო ახლოს არიანშეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე, რომელსაც პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან მალე მოეწერება ხელი.

მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ეს გაზაფხული ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პერიოდი იყო. ვფიქრობ, მხარეები სწორ გზაზე დგანან. ვიმედოვნებ, რომ პოზიტიური მოვლენები გაგრძელდება და მალე მიღწეული იქნება შემდგომი კონკრეტული შეთანხმებები და ნდობის აღდგენის სხვა ზომები. სამშვიდობო შეთანხმების ელემენტების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია, დარჩენილი საკითხები კი, ვფიქრობ, მარტივად შეიძლება გადაწყდეს“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს პროცესს ნებისმიერი გზით, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მხარეებისთვის, მხარეთა შეხვედრებით თუ სამშვიდობო დივიდენდების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვით. კლაარის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა დიდ გავლენას მოახდენს ორივე ქვეყანაზე და მთელ რეგიონზე.

„ეს შექმნის სრულიად ახალ ვითარებას, სადაც სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობები ავტომატურად გაიზრდება. პირველად აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხებს შესაძლებლობა ექნებათ სხვაგვარად შეხედონ თავიანთ მომავალს. მშვიდობა ასევე გავლენას მოახდენს ევროკავშირის ფუნქციონირებაზე რეგიონში, რადგან ის საშუალებას მოგვცემს ჩავერთოთ უფრო ფართო რეგიონულ თანამშრომლობაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან.

როგორც არაერთხელ ითქვა, ევროკავშირი მშვიდობისთვის მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა სფეროში სხვადასხვა ინსტრუმენტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს რეგიონულ კავშირებს და ტრანსპორტს, რაც დამოკიდებულია მხარეებს შორის შეთანხმებებზე“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა. ამასთან, მისი თქმით, მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმზიდველს გახდის უცხოური ინვესტიციებისთვის. „საერთო ჯამში, მშვიდობა შექმნის ახალ გარემოს, სადაც როგორც სახელმწიფოებს, ისე ჩვეულებრივ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შეუძლიათ ისარგებლონ ურთიერთქმედებითა და თანამშრომლობით, რაც მათ საშუალებას მისცემს კვლავ გაიცნონ ერთმანეთი.

ეს ხელს შეუწყობს მტრობის გვერდის გადაფურცვლას ერთხელ და სამუდამოდ მომავალი თაობების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში. დავამატოთ, რომ ტოივო კლაარმა დადებითად შეაფასა სომხეთის წინადადება საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის შექმნის შესახებ. „დაძაბულობის შემცირების მიზნით, მისასალმებელია სომხეთის წინადადება შექმნას ორმხრივი მექანიზმი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო დარღვევების აღმოსაფხვრელად. ბრიუსელი, საქართველოში ევროკავშირის მისიის მეშვეობით, 15 წელია ეხმარება მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას და მზადაა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს“, – წერს X-ში ევროკავშირის წარმომადგენელი. ოფიციალური ბაქო სომხური მხარის შეთავაზებას ჯერ არ გამოხმაურებია. ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button