პოლიტიკა

ვალენტინა მატვიენკო: “მზად ვართ საქართველოსთან დიალოგისთვის”

Netgazeti.ge წერს, რომ ვალენტინა მატვიენკო, რომელიც რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საბჭოს სპიკერია, აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის, თუნდაც პარლამენტების დონეზე. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, მისი თქმით, ქართველი ხალხი რუსი ხალხის მიმართ მეგობრული რჩება.

მატვიენკომ ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის შედეგების შეჯამებისას პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

„თუ საქართველოს მხრიდან გამოითქმება დიალოგისთვის მზაობა, ჩვენ ახლავე მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. ესაა პარლამენტარების მისია, სწორედ ამისთვის ირჩევს მათ ხალხი“, — თქვა რუსმა პოლიტიკოსმა.

მატვიენკოს თქმით, დიალოგის თაობაზე კონტაქტი ოფიციალურ თბილისთან ჯერ არ შემდგარა.

„კონტაქტი ჯერ არ გვქონია. ბუნებრივია, რომ ამის მიზეზი ჩვენ არ ვართ. საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ბევრი რამ გადააზრების რეჟიმშია. […] ოქტომბერში საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს და, რა თქმა უნდა, განისაზღვრება ქვეყნის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კურსი“, — განაცხადა მატვიენკომ.

წარმომადგენელი ქვეყნისა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და პერმანენტულად განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას, ხოლო ასი ათასობით ადამიანი დევნილია მისი შემოჭრების შედეგად, აცხადებს, რომ საქართველოს განვითარებაში დასავლეთი ყველასთვის კარგად ნაცნობი სცენარებითა და ინსტრუმენტების გამოყენებით ერევა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი სიტუაციაა, რუსეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველ ხალხს და ეს ასეა დღესაც. ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელი ერია, ჩვენდამი მეგობრული. ვნახოთ, როგორ დასრულდება საარჩევნო კამპანია“, – ამბობს რუსი პოლიტიკოსი.

ცნობისთვის, 2019 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო აქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს აქციები რუსეთის ხელისუფლებამ “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა, ვალენტინა მატვიენკო აცხადებდა, რომ საქართველოსთან დიალოგის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, რაც ხელისუფლება ბოდიშს მოიხდიდა.

მაშინ მატვიენკომ ჟურნალისტებს ჟენევაში უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შეეწყვიტა. თან მიანიშნებდა დასავლეთისკენ და ამბობდა, რომ საქართველოში ამას არა დამოუკიდებლად, არამედ კარნახით აკეთებდნენ.

მატვიენკომ მაშინ განაცხადა, რომ „დიალოგი“ იქამდე არ იქნებოდა შესაძლებელი, „ვიდრე ხელისუფლება ხელისუფლებას არ დაემსგავსებოდა და წესრიგს არ დაამყარებდა“, ვიდრე არ შეწყდებოდა რუსოფობიული ტალღა, რომელიც, მისი თქმით, „რადიკალებმა“ წამოსწიეს.

ნახეთ მეტი
Back to top button