„აქეთ მომხედე, ფსიქიურად დაავადებულო მკვლელო”- თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ჭიდაობა გაიმართა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეულ თურქეთის ისრაელში ელჩის მოადგილეს უსაყვედურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თელ-ავივში თურქეთის საელჩომ დაუშვა დროშა მოკლული „ჰამას“-ის ლიდერის ისმაილ ჰანიეს ხსოვნისადმი საპატივცემულოდ.
„ისრაელი არ მიიღებს გლოვის გამოხატვას ისეთი მკვლელისადმი, როგორიც ისმაილ ჰანიეა“, – ნათქვამია კაცის სახელით გაკეთებულ განცხადებაში. „თუ საელჩოს წარმომადგენლებს გლოვა სურთ, წავიდნენ თურქეთში და იგლოვონ თავიანთ ბატონ ერდოღანთან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ და ამტკიცებს მის ყველა ქმედებას“.
ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა კი, პორტალ „Today in Israel“-ის ცნობით, განაცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლებს შეუძლიათ „სულ ჩამოიღონ დროშა და დაბრუნდნენ სახლში“.
თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ფაჰრეთინ ალთუნი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა.
„აქეთ მომხედე, ფსიქიურად დაავადებული მკვლელო. სანამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელს წარმოთქვამთ თქვენი ბინძური პირით, რომლითაც უდანაშაულო ადამიანების სისხლს სწოვთ, ჩვენ კიდევ უფრო გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას და კიდევ უფრო მტკიცედ გავუმაგრებთ ზურგს. ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს ქვეყანას არაფერი აქვს სასწავლი თქვენნაირი სისხლისმსმელი გენოციდის მომწყობ მკვლელებისგან.
ერთ მშვენიერ დღეს თქვენ აუცილებლად აგებთ პასუხს ჩვენი პალესტინელი ძმებისა და დების მკვლელობაზე და თქვენ მიერ ჩადენილი სამარცხვინო გენოციდისთვის“, – ციტირებს თურქული მედია თურქეთის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის სიტყვებს.