თბილისის სასამართლომ ალიევის მიერ დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავა
4 აგვისტოს თბილისის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება Azel.TV-ის ვებ-გვერდის ხელმძღვანელის აფგან სადიგოვის 2 თვით პატიმრობის შესახებ. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ განუცხადა. ჯერ კიდევ 3 აგვისტოს ქალბატონმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში სადიგოვის დაკავების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს მისი და მისი შვილების თვალწინ მოხდა, როცა სახლიდან ერთად გავიდნენ. ქალი თვლის, რომ მისი ქმარი ქართულმა პოლიციამ აზერბაიჯანის ხელისუფლების დავალებით დააკავა. „ვინც ის დააკავა, პოლიციელის ფორმაში არ იყო და შემდეგ ჩაიცვეს. აფგანი ხელბორკილებით წაიყვანეს, დამნაშავესავით და ჩასვეს შავ მანქანაში“, – ამბობს ქალი. სადიგოვა დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით დააკავეს. „საქართველოს სამართალდამცავები აზერბაიჯანის დიქტატორის მითითებებს ასრულებენ“, – განაცხადა მან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის აზერბაიჯანში 2024 წლიდან ძებნილია „მუქარასა და გამოძალვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის“. სამინისტროს ცნობით, საქართველოს ხელისუფლება მის აზერბაიჯანში ექსტრადირებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ 18 ივლისს სადიგოვს თბილისის აეროპორტში ანკარაში გაფრენის უფლება არ მისცეს. ის სასაზღვრო და საპასპორტო კონტროლის პუნქტზე დააკავეს. სადიგოვის თქმით, მას უთხრეს, რომ აზერბაიჯანის გარდა სხვა ქვეყანაში ვერ წავა. „არ მითხრეს, ვინ დააწესა მესამე ქვეყნებში შესვლის აკრძალვა. შემომთავაზეს, განმარტებები მეთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“, – განუცხადა მან აზერბაიჯანულ მედიას და თქვა, რომ აკრძალვა ბაქოდან მოვიდა ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კრიტიკის გამო.
„ეს განპირობებულია ჩემი ბოლო კრიტიკული პოსტებითა და ვიდეოებით. ამ დროისთვის ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულია, მაგრამ ვიცი, როგორც კი აზერბაიჯანში დავბრუნდები, სხვა კრიტიკოსი ჟურნალისტების მსგავსად დამაპატიმრებენ. საქართველოში მე მემუქრებოდნენ, აზერბაიჯანში კი ჩემს ახლობლებს, რომ კრიტიკის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ამიტომ გვინდა საქართველოდან წასვლა“, – განაცხადა ჟურნალისტმა. ის საქართველოში გასული წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. სადიგოვი საქართველოში სამკურნალოდ წავიდა, თუმცა მუქარის გამო აზერბაიჯანში არ დაბრუნებულა. ის ადრე 2020 წლის მაისში იყო დაკავებული გამოძალვის ბრალდებით. 2020 წლის 3 ნოემბერს სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 6 წლამდე შეამცირა, უზენაესმა კი 4 წლამდე. ის 2022 წლის მაისში შეიწყალეს. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა სადიგოვი პოლიტპატიმრად აღიარეს.
ემა ჩობანიანი