როგორი დასვენება ურჩევნიათ სომხებს? კომენტარს აკეთებს სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტი
სომეხი მოსახლეობა ზაფხულში ზღვისპირა ქვეყნებში დასვენებას ამჯობინებს.
ამის შესახებ Armenpress-თან საუბარში განაცხადა სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხაკ აპრესიანმა.
„სომეხებს მოსწონთ წყლის ზონებთან დასვენება. ახლა, დიდი არჩევანითა და შესაძლებლობებით, სანაპირო ქვეყნებში დასვენების ორგანიზება უფრო ხელმისაწვდომი და მოთხოვნადია. უფრო მეტიც, არის პირდაპირი ფრენები სომხეთიდან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საკმაოდ ეგზოტიკურ ქვეყნებში. არცთუ ცოტაა ისტორიული, კულტურული, შემეცნებითი და სხვა სახის მოგზაურობები“, – აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.
მეხაკ აპრესიანმა აცნობა, რომ სომხები ვიზის მიღების შემთხვევაში ყველაზე ხშირად დასასვენებლად მიდიან ეგვიპტეში, მონტენეგროში და საბერძნეთში. სასურველ მიმართულებებს შორის არის ასევე შრი-ლანკა და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ასევე შესაძლებელია ზღვის დასვენება. სომეხი ტურისტების ნახვა შესაძლებელია დომინიკის რესპუბლიკაშიც კი, კარიბის ზღვისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებზე. მართალია, როგორც ჩვენმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, ყველაზე შორეულ და ეგზოტიკურ კურორტებზე ჩვენი თანამემამულეები არც თუ ისე ბევრია.
ბუნებრივია, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია, თუმცა, მეხაკ აპრესიანის თქმით, მეზობელ ქვეყანაში დასასვენებლად წასული სომხეთის მოქალაქეების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გარკვეულწილად შემცირდა.
მეხაკ აპრესიანის თქმით, ოდესღაც პოპულარულ ანტალიაში ხალხი თითქმის არ მიდის. „წამსვლელებიც რომ იყოს, ძალიან ცოტაა. მართალი გითხრათ, არც შემიმჩნევია, რომ ჩვენი ტურისტული კომპანიები ახლა ამ მიმართულების რეკლამას ახორციელებენ. რუსეთის შავი ზღვის სანაპიროც არ არის მიმზიდველი“, – განაცხადა მან.
სამაგიეროდ, მეხაკ აპრესიანის თქმით, საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ტურიზმის სექტორში რუსეთის სხვა რეგიონებთან. „მაგალითად, გვაქვს პირდაპირი რეისები ეკატერინბურგში, ტიუმენში და სხვა ქალაქებში. ეს ტურიზმის სფეროში აქტიური თანამშრომლობის შედეგია. ტიუმენის იგივე შემთხვევაში, ადგილობრივმა სომხურმა თემმა დიდი წვლილი შეიტანა და მხარი დაუჭირა მას“, – ხაზგასმით აღნიშნა აპრესიანმა.
ბოლო წლების მოვლენების შემდეგ, ასევე რეგიონში არასტაბილური ვითარების გამო, საგრძნობლად შემცირდა დასავლეთ სომხეთში მიმავალთა რიცხვი.
სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სექტორი სომხეთში განვითარების ახალ სტიმულს მიიღებს, თუ სრ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება ვიზები ევროპის ქვეყნებიდან მსუბუქ პროცედურებში მიიღონ და იქ მოგზაურობის შესაძლებლობა გამარტივდეს. ახლა, როგორც მეხაკ აპრესიანმა აღნიშნა, ტურისტულ სეზონზე ევროპის ქვეყნებიდან მონტენეგროში უვიზოდ შესვლაა შესაძლებელი.
ჰრაირ ნაზარიანი