12 აგვისტოს, რიკოთის ახალი, ყველაზე გრძელი გვირაბი გაიხსნა – ძველი გვირაბი იხურება სარემონტოდ
Netgazeti.ge წერს, რომ 12 აგვისტოს, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე გაიხსნა ახალი, 1800- მეტრიანი გვირაბი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ის ყველაზე დიდია არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის.
ძველი, ისტორიული გვირაბი დროებით დაიხურება სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. სამინისტროს ცნობით, იგეგმება გზის საფარის განახლება, გამოიცვლება სანათები და დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.
“ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტროსისტემით. რა თქმა უნდა, სავენტილაციო, პირდაპირი კავშირების, შეტყობინებების სისტემებით. ასევე, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაც.
“რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მეწყრულ მონაკვეთზე, სადაც მოეწყობა ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა. სამუშაოები გაგრძელდება და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფარის დაგებაც დაიწყება”, – განაცხადა ქარსელაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ფუნქციონირებს რიკოთის მაგისტრალის ახალი, 36-კილომეტრიანი მონაკვეთი. ის მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. ჯამში, უღელტეხილზე უნდა აშენდეს 52 კილომეტრის სიგრძის 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი.