გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ნებართვა გასცა
Interpressnews.ge წერს, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ნებართვა გასცა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის მასშტაბის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროექტზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, 2023 წლის 24 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა ქ. ბათუმში, საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ უზრუნველყო საექსპერტო კომისიის შექმნა და შესაბამისი უწყებების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა. დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის მიზნით, უზრუნველყოფილი იყო პროცესის სრული გამჭვირვალობა.
ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, საკითხების დაზუსტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, სააგენტოს მიერ 2024 წლის 19 აპრილს შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და კომპანიას ეთხოვა პროექტთან დაკავშირებული დამატებითი/დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. დაზუსტებული დოკუმენტაცია ასევე იყო საჯარო – და დაინტერესებული პირებისთვის განისაზღვრა შენიშვნების/მოსაზრებების წარმოდგენის ვადა. ინფორმაცია გადაეგზავნა საექსპერტო კომისიას განხილვისა და შესაბამისი დასკვნების წარმოდგენის მიზნით.
წარმოების ეტაპზე, შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა კორესპონდენცია, რომლის თანახმად, შპს „ტერმინალ 1“ დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვინაიდან კუნძულის საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნიდა ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას. აღნიშნულის საფუძველზე, 2024 წლის 2 აგვისტოს სააგენტოს მიერ კვლავ შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ეთხოვა შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა.
აღნიშნულ საკითხზე შპს ,,ტერმინალ 1“- მა სააგენტოს დამატებით მიმართა 2024 წლის 5 აგვისტოს. ვინაიდან, წერილებში დასმული საკითხები სცილდებოდა გზშ-ს ფარგლებს და, შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეთხოვა დაზუსტებული მოსაზრებების წარმოდგენა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1″; ასევე, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს შპს ,,ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 2024 წლის 12 აგვისტოს წერილის საფუძველზე მოხდა ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება.
წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის საექსპერტო კომისიის დასკვნების შეჯერებისა და არსებული დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, ქ. ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელშიც აისახა საზოგადოებისგან წარმოდგენილი არგუმენტირებული შენიშვნები/მოსაზრებები.