მუხთარლი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოვუგე
Netgazeti.ge წერს, რომ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ევროსასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანს დავა მოუგო. მუხთარლიმ ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ მისი უდანაშაულობის ფაქტი დადასტურდა.
“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოში ჩემი გატაცების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. პასუხისმგებლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს დააკისრეს. უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატებს, რომლებიც მიცავდნენ პატიმრობის პერიოდში – ნემატ ქერიმლის, ელჩინ სადიგოვის, ნიკოლოზ ლეგაშვილს და ზიბეიდა სადიგოვას. ჩემი ადვოკატები არ მტოვებდნენ მიუხედავად მუქარებისა და თავდასხმებისა.
მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, უფლებადამცველებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროკავშირს და ევროპის საბჭოს და მთელ დემოკრატიულ სამყაროს ჩემი დაცვისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლეილას, რომ ციხეში ყოფნის წლებში ხელმძღვანელობდა ჩემი დაცვის მხარეს და აიღო სამუშაოს მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე,” – განაცხადა აფგან მუხთარლიმ.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა.