“მეგობარი აქტის” მიზანია ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში – ჰელსინკის კომისია
Netgazeti.ge წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, ე.წ. ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში ქართველი ხალხის მხარდამჭერ პოსტს აზიარებს.
“ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას მაშინ, როცა ისინი მუშაობენ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების შესრულებაზე. “მეგობარი აქტი” შექმნილია იმისთვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. მოუთმენლად ველოდებით მის გატარებას [თეთრ] სახლში”, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ე.წ. მეგობარი აქტი არის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მომზადებული კანონპროექტი საქართველოს შესახებ. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.