„აფხაზები დათმობაზე არ წავლენ – თუ სანქციები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ბევრი დაზარალდება“
Bpn.ge წერს, რომ მოსკოვის მოთმინება ამოიწურა, რუსებს აფხაზები ყელში ამოუვიდათ – დაფინანსება უკვე შეჩერდა, ახლა კრემლი ითხოვს ურჩი ოპოზიციონერების სიას, რათა მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. მოსკოვს აფხაზების პატარ-პატარა ანტირუსული “ამბოხებები” ყელში ამოუვიდა და რამდენიმე მკაცრი გაფრთხილების შემდეგ აფხაზებმა კრემლიდან პირველი სანქციებიც მიიღეს – 1-ლი სექტემბრიდან რუსეთიდან დაფინანსება შეუჩერდათ საბიუჯეტო სექტორებს, მათ შორის მასწავლებლებს, ექიმებსა და ძალოვან სტრუქტურებს. ასევე შემოდგომიდან აფხაზები ელექტროენერგიაში მთლიანად კომერციულ ფასს გადაიხდიან. ეს ორი ამბავი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა და თქვა, რომ “მოსკოვიდან სანქციები გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწყო”. თუმცა ეს არ არის რუსული სადამსჯელო ოპერაციის სრული სურათი, კრემლში ითხოვენ, რომ სექტემბრის ბოლომდე ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ურჩი აფხაზი ე.წ. დეპუტატებისა და ოპოზიციის ლიდერების სია წარადგინოს, რათა მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. კრემლი გაბრაზებულია, რადგან აფხაზებმა არ შეასრულეს სამი დავალება, მათ შორისაა ე.წ. აპარტამენტების კანონი, რომელიც პირველ ჯერზე აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში რუსებისთვის 10 000 ბინის მშენებლობას გულისხმობდა და რომლის დე ფაქტო პარლამენტში განხილვას ივლისის ბოლოს დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. სწორედ ეს აღმოჩნდა რუსეთის მოთმინების ამოწურვის ბოლო წვეთიც. რუსეთი იმუქრება, რომ აფხაზების დასჯას გააგრძელებს, სანამ ვალდებულებები არ შესრულდება.
“თუ სანქციები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ბევრი დაზარალდება, მოვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან”.
სკანდალური პროტოკოლი
26 აგვისტოს ორმა აფხაზურმა ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლი. დოკუმენტის თანახმად, შეხვედრა 19 აგვისტოს გაიმართა, ოქმი კი 26 აგვისტოთია დათარიღებული. როგორც აფხაზები წერენ, 26 აგვისტოს ბჟანია უკვე აფხაზეთში იყო და დიდი ალბათობით, მან პროტოკოლის შედგენის შესახებ არაფერი იცოდა.
დოკუმენტი იწყება იმით, რომ 1-ლი სექტემბრიდან რუსეთი აჩერებს აფხაზეთის ფინანსურ დახმარებას, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა; და მესამე – რუსი ინვესტორებისთვის მოიხსნას შეზღუდვები კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღება).
მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ შემოდგომიდან აფხაზები ელექტროენერგიაზე კომერციულ ფასს გადაიხდიან. ყველაზე სკანდალურია მესამე პუნქტი, სადაც ნათქვამია: “გათვალისწინებულ იქნეს აფხაზური მხარის (ა. გ. ბჟანია) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოპოზიციის აფხაზი ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების საზიანოდ მოქმედებენ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით”.
ამ ოქმის გავრცელებას სოხუმში დიდი სკანდალი მოჰყვა. ოპოზიცია დღეების განმავლობაში ითხოვდა ან ოქმის სიყალბის აღიარებას, ან ახსნა-განმარტებას ბჟანიასგან. დაიწყო საუბრები, რომ “შავი სიის” კრემლში გაგზავნა ქვეყნის ღალატია, რის გამოც ბჟანია აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს და მას აფხაზეთის მოქალაქეობაც ჩამოერთვას. ოპოზიციამ მოილაპარაკა, რომ მოიწვიოს სახალხო კრება სოფელ ლიხნის ისტორიულ ადგილას, სადაც აფხაზები ტრადიციულად უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტენ და დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას ვადამდელი გადადგომა მოითხოვონ.
მთელ ამ ისტერიკას ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციამ მხოლოდ 31 აგვისტოს უპასუხა მოკლე განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ “პრეზიდენტს” ურჩი “დეპუტატებისა” და ოპოზიციის ლიდერების შესახებ რაიმე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ აუღია საკუთარ თავზე. უკვე 3 სექტემბერს კი ბრიფინგი გამართა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელმაც დაადასტურა, რომ 1-ლი სექტემბრიდან მოსკოვმა საბიუჯეტო დაფინანსება შეაჩერა “აფხაზეთისგან გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე” და ამასთან, ელექტროენერგიის საფასურის გადახდაც შესაძლებელია კომერციულ ფასში მოხდეს.
შამბას თქმით, 26 აგვისტოს სოხუმში უნდა გამართულიყო “რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის” მორიგი სხდომა, რუსეთის მთავრობის ბევრი წარმომადგენელი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ სხდომა გადაიდო, რადგან რუსებს არ სურდათ “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს” გაეხმაურებინათ დაფინანსების შეწყვეტის ამბავი.
როცა კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლის ნამდვილობის შესახებ კომენტარი სთხოვეს, შამბამ თქვა, რომ ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს 19 აგვისტოს შეხვდა, პროტოკოლი კი 26 აგვისტოს შედგა, რასაც ბჟანია არ ესწრებოდა და ამიტომ ისიც ვერ დაამოწმებს დოკუმენტის ნამდვილობას. მან ასევე კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი “დეპუტატისა და ოპოზიციონერისთვის” რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ “დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა საკმაოდ გამოყენებადი სანქციაა”. თურმე რუსეთს, როგორც მოკავშირეს, “უკმაყოფილობები დაუგროვდა და ეს უნდა გამოასწორონ”.
“რუსეთთან ურთიერთობა ფუჭდება. ჩვენ უკვე ვხედავთ პირველ ნაბიჯებს, სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო და შეიძლება უფრო გაუარესდეს. ამიტომ შეიძლებოდა ხალხისთვის გვეკითხა, მზად არიან თუ არა ქამრების შემოჭერისთვის და ისე ცხოვრებისთვის, როგორც მაშინ, როცა აფხაზეთი ბლოკადაში იყო?!.. ყველა ვეცადეთ, რომ ურთიერთობა გაფუჭებულიყო, მოდი, ყველა შევეცადოთ, გამოვასწოროთ ვითარება”, – თქვა შამბამ.
“ბჟანიამ რომ რუსეთისთვის გააკეთა, იმდენი არ გაუკეთებია არავის აფხაზეთში”
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: – აფხაზები დღემდე იტყუებენ თავს, რომ დამოუკიდებლები არიან და რუსეთი კი მხოლოდ იმისთვის იღვწის, იმისთვის ჰყავს იქ ჯარი ჩაყენებული და ხარჯავს ფულს, რომ აფხაზების ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო შედგეს. რუსეთის მიზანი აფხაზეთის სრული ანექსიაა, აფხაზებს კი ამის აღიარება არ სურთ.