კულტურა

ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

1tv.ge წერს, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის, Deccan Herald-ის და ავიაკომპანია Indigo-ს, საბორტო ჟურნალის, Hello3E-ს წარმომადგენლებს მასპინძლობს.

პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, წყალტუბო, მარტვილის კანიონი, მესტია, უშგული, სიღნაღი, ლოპოტა და ლაგოდეხის ეროვნული პარკი დაათვალიერეს. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში გემო ფესტს დაესწრნენ. Deccan Herald-ისა და Indigo-ს წარმომადგენლები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ და მკითხველს ქართულ კულინარიას გააცნობენ.

„ვფიქრობ, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ყველაფერი შეგვიყვარდა, რაც ამ დრომდე აქ ვნახეთ. მოგვეცა შანსი, დაგვეგემოვნებინა გასაოცარი კერძები. ვფიქრობ, ინდოელებისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ დელიდან საქართველოში მოხვედრა ადვილია პირდაპირი ავიარეისის საშუალებით. საქართველო ძალიან გულღია ქვეყანაა, ხალხი კი – სტუმართმოყვარე. ადგილზე უამრავი რამის ნახვა და დაგემოვნებაა შესაძლებელი“, – განაცხადა ტურის მონაწილემ, ჟურნალისტმა ქუნალ ბრათმა.

ამასთან, ტურის მონაწილემ, ჟურნალისტმა შუბუთი თიომ აღნიშნა, რომ ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდნენ.

„რამდენიმე დღეა, რაც აქ ვიმყოფებით. ვეწვიეთ ზუგდიდს, სადაც გემო ფესტი იმართება. ადგილზე ძალიან კარგი აურაა, უამრავი ადამიანია შეკრებილი და ფეხბურთის მატჩიც მიმდინარეობს. აქ ისმის სხვადასხვანაირი შეძახილები. გარშემო უამრავი კერძია, რომლებსაც ვაგემოვნებ და აღფრთოვანებული ვრჩები“, – აღნიშნა შუბუთი თიომ.

ინდოელი ჟურნალისტები საქართველოს სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, კულინარიის, ღვინის, ბუნებისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

Deccan Herald-ის ბეჭდურ გამოცემას ყოველთვიურად  მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს, ხოლო გამოცემის ონლაინ პლატფორმებს – 15 მილიონი ვიზიტორი, სოციალურ ქსელებში Deccan Herald-ის ვიდეორგოლებს, ჯამურად, 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალს ყოველწლიურად 6.5 მილიონი მგზავრი ეცნობა.

პრესტურის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ინდოეთში საქართველოს ცნობადობის გაზრდა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button