პოლიტიკა

ODIHR-ს საქართველოს არჩევნებზე 400-მდე დამკვირვებელი ეყოლება

Netgazeti.ge წერს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი დაიწყო.

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მათ 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დაემატებათ.

მისიის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საერთაშორისო მისია მოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მიერ, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.

მერფიმ უარი თქვა წინმსწრებად შეეფასებინა საარჩევნო გარემო და ის, თუ რა გავლენას იქონიებს მასზე რუსული კანონი.

„ოდირმა გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა ამ კანონის შესახებ, თუმცა სადამკვირვებლო მისია დამოუკიდებლად აფასებს საარჩევნო კამპანიას. ასე რომ, ჩვენი შევაფასებთ ნებისმიერი კანონის გავლენას, თუ ეს რელევანტურია და თუ მას აქვს გავლენა საარჩევნო კამპანიაზე“, — განაცხადა ოუენ მერფიმ.

ეუთო/ოდირის დასკვნით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და უნდა გაუქმდეს.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ჰკითხეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, თითქოსდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს გამოიყენოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), როგორც ინსტრუმენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის და ფერადი რევოლუციის მოსაწყობად.

„მე არ ვუპასუხებ ინდივიდუალურ განცხადებებს. რაც შემიძლია ზოგადად ვთქვა, ნებისმიერი ცნობა, თითქოსდა ჩვენი მისია წინასწარი განზრახვით იმუშავებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი მანდატი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია. ჩვენ აქ ხელისუფლების მიერ ვართ მოწვეული“, — განაცხადა მერფიმ.

მან თქვა, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიას კომუნიკაცია ექნება ადგილობრივ დამკვირვებლებთანაც, თუმცა არჩევნებს დამოუკიდებლად და საკუთარი მეთოდოლოგიით შეაფასებს.

დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტასა და მედიაგარემოს.

არჩევნების მომდევნო დღეს ODIHR-ის მისია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპარლამენტისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, არჩევნებზე დაკვირვების წინასწარ შედეგებს წარადგენს. საარჩევნო პროცესის შეფასების საბოლოო ანგარიში, რეკომენდაციების ჩათვლით, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

ნახეთ მეტი
Back to top button