ანალიტიკა

ფაშინიანი თბილისში – რაზე საუბრობენ სომხეთის და საქართველოს ლიდერები

Radiotavisupleba.ge წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს წელს მეორედ ეწვია და უკვე მეორე პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა მოლაპარაკებები.

საქართველო-სომხეთის „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაფორმების შემდეგ, ეს ნიკოლ ფაშინიანის პირველი ვიზიტია მეზობელ ქვეყანაში, რომლის დახმარებითაც უკავშირდება იგი ხმელეთით უმთავრეს სავაჭრო – მაგრამ სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოლიტიკურ – პარტნიორს, რუსეთის ფედერაციას.

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ სიახლეები გააცნო ქართველ კოლეგას, კობახიძემ კი კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მზაობა, „შესაძლებლობის ფარგლებში“, დადებითი როლი შეასრულოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.

რაზე საუბრობენ თბილისი და ერევანი?

ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

მედიის კითხვებზე არ უპასუხიათ, თუმცა საერთო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა, დადებითად შეაფასეს დინამიკა და თქვეს, რომ კიდევ არაერთი მიმართულებით არსებობს ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივები.

მოკლე მიმართვებში მათ მხარი დაუჭირეს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

პრემიერმა კობახიძემ მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას „ისტორიული გადაწყვეტილებისთვის“ – გაეროში დევნილთა დაბრუნების საკითხზე რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.

2024 წლის 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 103 ხმით კვლავ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება.

წინა წლებთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა. პირველი მიღებიდან მე-16 წელს რეზოლუციას, არგენტინასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ერთად, მეზობელი სომხეთი შეუერთდა.

ერევანი 2019 წლამდე ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას. ამის მიზეზი ყარაბაღის კონფლიქტი იყო, – სომხეთის ხედვით, რეზოლუციის მხარდაჭერით იგი ირიბად დაუჭერდა მხარს ყარაბაღის კონფლიქტის აზერბაიჯანისეულ ინტერპრეტაციას.

თუმცა სომხეთმა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა. 2019-23 წლებში სომხეთი კენჭისყრას საერთოდ არ ესწრებოდა – რაც ერთით ნაკლებ მოწინააღმდეგეს ნიშნავდა თბილისისათვის.

მომდევნო წლებში, იმის პარალელურად, რომ სომხეთის ტრადიციული პრორუსული პოლიტიკა, ყარაბაღის კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და უკრაინის ომთან ერთად, მულტივექტორულისკენ შეიცვალა, ერევანმა დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილი მეტად გამოკვეთა.

ყარაბაღის მეორე ომისა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონის საბოლოოდ დაკავების შემდეგ ვითარება კვლავ შეიცვალა. ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა – ათიათასობით ადამიანი – აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად იძულებული შეიქნა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

2024 წელს, სომხეთმა ისტორიაში პირველად დაუჭირა მხარი დევნილების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების შესახებ რეზოლუციას.

ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანის მიღებისას თქვა, რომ სომხეთის მიერ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა „კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ურთიერთობებს“.

ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“ და „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სტაბილურობა და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“.

„მშვიდობა რეგიონში“

ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ქართველ კოლეგას გააცნო აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სიახლეები. მისი თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის დაახლოებით 80% შეთანხმებულია.

ფაშინიანმა ჩამოთვალა რამდენიმე დებულება:

  1. „ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, ხელი მოეწერა იმ დებულებებისთვის, რომლებიც უკვე იყო შეთანხმებული;
  2. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომლებიც ორმხრივ ინტერესებში შედის;
  3. მთელი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების განბლოკვა და სრული ოპერირება არის უმთავრესი რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“.

მან ეს ყველაფერი სომხეთისთვის პრიორიტეტულად დაასახელა და თქვა, რომ სწორედ ამას ითვალისწინებს მისი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა.

„მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში“, – თქვა ფაშინიანმა.

საქართველო მოლაპარაკებებში?

კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისი „მხარს უჭერს სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას კავკასიაში“.

მისი თქმით, საქართველო მიესალმება სამშვიდობო შეთანხმების პროცესის მიმდინარეობას და სომხეთის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ.

„მზად ვართ ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – თქვა მან.

პასუხად ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა „მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში“.

საქართველოს აქვს გარკვეული გამოცდილება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში. მაგალითად:

  1. 2020 წლის ომის შემდეგ სომეხი და აზერბაიჯანელი ტყვეების გათავისუფლების საქმეში საქართველომ დადებითი როლი შეასრულა;
  2. მეორე შემთხვევა იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ისტორიული შეხვედრა თბილისში, 2022 წლის 16 ივლისს. ისტორიული იმიტომ, რომ ეს ამ ფორმატში, პირისპირ, საგარეო მინისტრებს შორის პირველი შეხვედრა იყო.

მოგვიანებით, 2023 წლის ოქტომბერში, თბილისში ვიზიტად მყოფმა ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისის მედიაციით მოლაპარაკებებზე მოიწვია.

ეს იდეა მოიწონა ღარიბაშვილმაც, რომელმაც თქვა: „ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“.

თუმცა ფაშინიანმა ამ ინიციატივაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ერევნის პოზიციით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელებულიყო ევროკავშირთან ერთად, აზერბაიჯანის მიერ სხვა პლატფორმის შეთავაზება კი მან „უკვე არსებული პრინციპების ნეიტრალიზების“ მცდელობად აღიქვა.

16 სექტემბერს, ფაშინიანის თბილისში ვიზიტის დღეს ერევანში იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე, რომელმაც გამოხატა მზაობა, საფრანგეთი იყოს სამშვიდობო შეთანხმების მომლაპარაკებელი. თუმცა ამას აზერბაიჯანი ეწინააღმდეგება, რომელიც მიკერძოებულად მიიჩნევს პარიზის მიდგომებს.

საქართველო-სომხეთის საზღვარი

როგორც წინა ვიზიტისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამჯერადაც ახსენა საქართველო-სომხეთის საზღვრის სრულად დელიმიტაცია-დემარკაციის საჭიროება.

2024 წლის იანვარში თქვა, რომ „ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად“.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ კი თქვა: „ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში“.

ეს ფრაზა მან მოაყოლა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პრინციპის ახსნას, რომლის თანახმადაც, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესში სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში და რომელიც ეყრდნობა 1991 წლის ალმათის დეკლარაციის დებულებებს. „ეს ნიშნავს, რომ საფუძველი ამ პროცესისთვის იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის“, – თქვა მან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთს საზღვარი სრულად დელიმიტირებული არ აქვთ.

მსგავსი პრობლემაა აზერბაიჯანთანაც – საზღვარი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორისაა დელიმიტირებული. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი. მხარეებმა 2023 წლის ზაფხულში განიხილეს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობა.

მშვიდობის „რეგიონული სარგებელი“ – ხედვა ერევნიდან

სომხეთის პირველმა პირმა „კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ“ შეთანხმების რეგიონულ განზომილებასაც გაუსვა ხაზი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობის ბენეფიციარები არ არიან მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველო, თურქეთი და ირანიც თანაბრად მიიღებენ სარგებელს. ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლჩაუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ მშვიდობა რეგიონში იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

„კომუნიკაციების განბლოკვა“ – გზების, რკინიგზის გახსნა – ის საკითხია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამ საკითხზე კი რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას სხვადასხვა, საკუთარი ინტერესის შესაბამისი პოზიცია აქვს.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე შემოიფარგლება დათქმით, რომ ქვეყანა მხარს უჭერს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას.

თუმცა ერევანში ანალიტიკოსები უფრო შორს მიდიან და განიხილავენ სცენარებს, სადაც ან „ზანგეზურის დერეფანი“ (აზერბაიჯანული ვერსიით), ან „მეღრის დერეფანი“ (სომხეთის ვერსიით) ამოქმედდება.

სამველ ბაბაიანმა, ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, გასულ კვირას ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით „გეოპოლიტიკური პროცესების კონტექსტში სომხეთის პოზიციონირების პოტენციალი“.

სამველ ბაბაიანი ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო მაღალჩინოსანია.

2020 წლის შემდეგ ის სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად და პოლიტიკური კარიერა სცადა. მისმა „ლიბერალურმა პარტიამ“ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა.

ამის შემდეგ იგი ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო და პარტიის წარუმატებლობის გამო სინანული გამოხატა. ბაბაიანმა, თავის მხრივ, სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

2024 წელს ბაბაიანი აკრიტიკებს ფაშინიანს და ამბობს, რომ ის დიდი ხნის წინ უნდა გადამდგარიყო.

იგი არაერთ შესაძლო სცენარს განიხილავს, – მათ შორის ნაკლებად სავარაუდო სცენარებსაც. ერთ-ერთი დაშვების თანახმად, თუკი „მეღრის ინფრასტრუქტურა განიბლოკება, საქართველო სატრანზიტო შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს“, – რადგან თურქეთიდან აზერბაიჯანში სახმელეთო ტრანზიტმა, რომელიც ახლა საქართველოზე გადის, ნაწილობრივ ამ დერეფანზე შეიძლება გადაინაცვლოს.

ასეთ სცენარში იგი უშვებს, რომ საქართველო ტრანზიტის ფასის გაზრდას მოინდომებს, რის გამოც გამოდის რეკომენდაციით, რომ „სომხეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი საქართველოსთან, რათა შემცირდეს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო და სახმელეთო ტრანზიტის საფასური“.

ის ასევე ამბობს, რომ ასეთ სცენარში სომხეთმა უნდა დაიწყოს „მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოსთან აფხაზეთის რკინიგზის მუშაობის აღდგენის თაობაზე“.

აფხაზური რკინიგზის აღდგენის საკითხს სოხუმსა და მოსკოვში დროგამოშვებით წამოსწევენ ხოლმე. საუბარია რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით.

კერძოდ, „აფხაზეთის ტერიტორიის“ გავლით სარკინიგზო ტრანზიტის აუცილებლობის შესახებ 2023 წლის ივნისში განაცხადა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატინირმა.

ეს თემა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაზეც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი „მიმართავს ძალისხმევას“ ამ საკითხზე.

საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და მხარეთა პოზიციები უცვლელია.

2023 წლის ნოემბერში ფაშინიანის ნათქვამს, რომ სომხეთი „ერთმნიშვნელოვნად და სრულად“ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მწვავედ შეხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ხშირი ვიზიტები

ნიკოლ ფაშინიანი 16 სექტემბერს ეწვია თბილისის. ვიზიტის შესახებ წინა დღეს გახდა ცნობილი.

წელს ეს პრემიერ ფაშინიანის მეორე ვიზიტია საქართველოში.

ბოლოს იგი მეზობელ ქვეყანაში 2024 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

ის მანამდე 2023 წლის ოქტომბერშიც იყო თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, სადაც „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა წარადგინა.

ორი ქვეყნის ლიდერების ბოლო შეხვედრა ერევანში გაიმართა, როდესაც უკვე ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა 2024 წლის 25 მარტს.

ფაშინიანის ახლანდელ ვიზიტს კი წინ უსწრებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ერევანში. 2024 წლის 2 სექტემბერს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა მიიღო.

კიდევ უფრო ადრე, 12 ივლისს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა ერევანში, სადაც სომეხ კოლეგა სურენ პაპიკიანს შეხვდა. ისაუბრეს „მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე“.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

2 სექტემბერს კი, როდესაც საპარლამენტო დელეგაცია ერევანში იმყოფებოდა, სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი თბილისში ჩამოვიდა და ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა.

ფაშინიანის ვიზიტი იმავე დღეს დასრულდა.

მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ვახშმის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები მცხეთაში გაემგზავრნენ და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულეს.

16 სექტემბერს, საღამოს, მთავრობის პრესცენტრმა გაავრცელა ცნობა, რომ ფაშინიანი აეროპორტიდან ირაკლი კობახიძემ გააცილა.

ნახეთ მეტი
Back to top button