აზერბაიჯანს შეუძლია იყიდოს იარაღი იტალიიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან, სომხეთს კი არ შეუძლია იარაღის შეძენა საფრანგეთიდან? – ფაშინიანი
სომხეთი გარკვეულწილად ახდენს უსაფრთხოების ურთიერთობების დივერსიფიცირებას. ამის შესახებ სომეხთა მეორე მსოფლიო სამიტზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვახორციელებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენ ასევე ვქმნით პროფესიონალურ არმიას“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებებზე, კერძოდ, რომ სომხეთი იარაღს საფრანგეთიდან ყიდულობს.
„იცით რა არის საინტერესო? ამბობენ, რომ დასავლეთი სომხეთს იარაღს აწვდის. ვწუხვარ, მაგრამ აზერბაიჯანი ყიდულობს იარაღს ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და იტალიიდან, ეს ქვეყნები როდიდან აღარ არიან დასავლეთი, რატომ შეიძლება აზერბაიჯანმა იარაღი იყიდოს იტალიიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან , სომხეთს კი არ შეუძლია მიიღოს იარაღი საფრანგეთიდან? რატომ შეუძლია აზერბაიჯანს იარაღის მიღება პაკისტანიდან, სომხეთს კი ინდოეთიდან არა ?“ – სვამს კითხვას ფაშინიანი.
პრემიერ-მინისტრმა ასევე შეახსენა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების რეფორმებს არანაირი აგრესიული კონტექსტი არ გააჩნია.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი პრობლემაა გაეროს წესდებით გარანტირებული 29,743 კმ-ი სუვერენული ტერიტორიის დაცვა. უფრო მეტიც, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტები სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ შევასრულებთ ამ ვალდებულებებს“, – დაასკვნა ფაშინიანმა.