პოლიტიკა

ვალერი ჩეჩელაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ პრემიერის განცხადებაზე – ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები

interpressnews.ge წერს, რომ კითხვა მაქვს: როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის გააუარესებს ან გადახედავს ურთიერთობებს აშშ-სთან, ნუთუ ჩვენ დავაფინანსეთ წვრთნის და აღჭურვის პროგრამა აშშ-ს ჯარის? – თუ პრემიერ-მინისტრს არ ადარდებს არ აღიარების პოლიტიკა, რომელშიც გვეხმარება აშშ? მაგრამ ბოდიშის მოხდის ფონზე შეიძლება არ აღიარების პოლიტიკაც აღარ ადარდებს მთავრობას – ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ჩეჩელაშვილმა უპასუხა კითხვას, პრემიერის განცხადება ნიშნავს იმას თუ არა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენის შემთხვევაში, შეწყდება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და რუსეთთან გაღრმავდება. მისი თქმით, „ამაში ეჭვი არავის ეპარება“.

„ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი არავის ეპარება. უბრალოდ კითხვა მაქვს: როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის გააუარესებს ან გადახედავს ურთიერთობებს აშშ-სთან, ნუთუ ჩვენ დავაფინანსეთ წვრთნის და აღჭურვის პროგრამა აშშ-ს ჯარის? კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო? თუ პრემიერ-მინისტრს არ ადარდებს პოლიტიკა, რომელშიც გვეხმარება აშშ? არ აღიარების პოლიტიკას ვგულისხმობ. მაგრამ ბოდიშის მოხდის ფონზე შეიძლება არ აღიარების პოლიტიკაც აღარ ადარდებს მთავრობას. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები. თუ რამენაირად, რაღაც ფანტასტიკური მოხდა და „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა ხელისუფლება 26 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან ადმინისტრაციული და საფინანსო რესურსი არავის გაუუქმებია, მაშინ ჩვენ ის საქართველო აღარ ვიქნებით, რომელიც თუნდაც დღეს გვაქვს. სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ან ჩვენ ვიქნებით ჭეშმარიტად პროევროპული ქვეყანა თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ან ჩავეფლობით ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოურ წუმპეში, ჭაობში და გავხდებით ამ სივრცის ნაწილი ქვეყანა, რომელიც იქნება გარდაუვალად სატელიტი რუსეთის ფედერაციის”, – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაზე მიუთითებს მმართველი გუნდის რიტორიკა ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით, ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს პრაქტიკულად, ანგრევს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას“.

„ის იგულისხმა ბატონმა პრემიერმა, რაც განაცხადა. უბრალოდ მომეჩვენა, რომ ამ შეხვედრაზე ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს, იქეთ-აქეთ თვალები გაურბოდა. ალბათ, თვითონაც ესმის, რა განცხადებას აკეთებს იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პრაქტიკულად, ანგრევს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს და იმისაც, რომ დავუბრუნოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში, რასთანაც ასე ახლოს ვართ. გულგასატეხია, რომ ამხელა გზა გამოვიარეთ, ასე მივუახლოვდით მიზანს და ეს ყოველივე ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თან ასეთი ფორმებით. ვერაფრით ვხსნი ამას. უბრალოდ მინდა მივმართო „ქართული ოცნების” ამომრჩევლებს, რომლებიც კიდევ ყოყმანობენ და ფიქრობენ, რომ დიახ, მმართველ გუნდს ძალუძს, რომ გააუმჯობესოს და გამოასწოროს ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-სთან. ვფიქრობ, ამ კითხვაზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა ბიძინა ივანიშვილმა გორში და პრემიერ-მინისტრმა ამერიკის ელჩთან შეხვედრის დროს. ახლა დროა ყველამ ძალიან გონივრული და აწონილი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გარდა ამ თემისა, პოლიტოლოგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ და აღნიშნა, რომ მათი გაერთიანებით, „ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა იქმნება“.

„გაერთიანებას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ. საერთოდაც, პოლიტიკური ძალების გაერთიანება და გამსხვილება ეს არის ძალიან დადებითი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიუთითებს პოლიტიკური აქტორების პოლიტიკურ სიმწიფეზე; იმაზე, რომ ჩვენ გავდივართ ცივილიზებული, ევროპული პოლიტიკური ურთიერთობების, კულტურის სტანდარტებზე. ეს აჩვენა გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოყალიბდება როგორც ერთობა და იქნება ძალიან სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალა“, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button