პოლიტიკა

„ჩვენ არ ვართ მარტო ერთი პარტია, უბრალოდ ჯერ ღიად არ გაგვიცხადებია“ — გახარია

Netgazeti.ge წერს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია უახლოეს პერიოდში მისი გუნდის გამსხვილებას აანონსებს.

როგორც გახარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ინდივიდუალური [პოლიტიკოსების] გარდა, „პარტიული შემომატებებიც იქნება“.

„ჩვენც არა ვართ მარტო ერთი პარტია. უბრალოდ ზოგიერთი პარტიისგან განსხვავებით, ეს ღიად არ გაგვიცხადებია, ველოდებით გარკვეულ თარიღს. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მარტო ჩვენი პარტიის სახელით“, — განაცხადა გახარიამ „ლელოს“ კოალიციასთან გაერთიანების მოლაპარაკებების შესახებ.

გახარიას თქმით, ეს ინფორმაცია აქამდე არ გაუჟღერებია, რათა ხელი არ შეეშალა „ძლიერ საქართველოსთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ამ პროცესს გახარია განიხილავს ორ საარჩევნო სუბიექტს — 9 და 25 ნომერს — შორის მოლაპარაკებას, მიუხედავად იმისა, რამდენი პარტიაა თითოეულ კოალიციაში.

„ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა. და არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მეორე მხარემ, კონკრეტულად ხაზარაძემ აიღო. ჯერ-ჯერობით ეს ვალდებულებები, რაღაცა მიზეზების გამო ვერ სრულდება. როგორც ჩანს, ვერ აღწევს შეთანხმებებს გუნდში, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება და დასრულდება წარმატებით. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, შევქმნათ პრეცედენტი ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ერთდროულად „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადასვლა ოპოზიციაში“, — განაცხადა გახარიამ.

„ძლიერი საქართველოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარეობს. უკვე ჩატარდა ორი რაუნდი. ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკებები სავარაუდოდ, დღეს, 19 სექტემბერს დასრულდება.

გიორგი გახარიას თქმით, წუხელ გარკვეული შეთანხმებები შედგა, მათ შორის — აქამდე პრობლემურ პარიტეტის საკითხზე.

მამუკა ხაზარაძემ კი აღნიშნა, რომ „პრინციპულად”, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან. მანვე ხაზი გაუსვა, რომ გადაუწყვეტელი საკითხები არ უკავშირდება თანამდებობებსა და საარჩევნო სიებს.

ნახეთ მეტი
Back to top button