გახარია და ხაზარაძე გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
როგორც ქართული მედია აქვეყნებს, პარტიის „საქართველოსთვის“ ცნობით, „ლელოსთან“ გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
გახარიას პარტიის ცნობით, „მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია“.
„ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდაკოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ჩვენსა და „ლელოს” შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებაში.
გახარიას პარტია მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს და თავად „ლელოს” დისკუსიაში მონაწილეობისთვის.
კოალიცია „ძლიერი საქართველოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარეობდა.