თუ დასავლეთი საქართველოს დაკარგავს, სომხეთსაც დაკარგავს – შარაშენიძე
თუ დასავლეთი ახლა სანქციებს დაუწესებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ბელორუსული სცენარი შეიძლება განმეორდეს. დასავლეთში ეს არავის უნდა, რადგან ამ შემთხვევაში საქართველო ნამდვილად დაუბრუნდება რუსეთს. ასეთი თვალსაზრისი NEWS.am-ის გადაცემაში „სიძლიერის ფაქტორი“ ქართველმა პოლიტოლოგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკაში თორნიკე შარაშენიძემ გამოთქვა.
„საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აჩვენა, რომ სანქციების და პროტესტის არ ეშინია. რა უნდა გააკეთოს შემდეგ დასავლეთმა? მოახდენს საქართველოს იზოლირებას? ეს გამოიწვევს იმას, რომ დასავლეთი დაკარგავს მთელ სამხრეთ კავკასიას, რადგან საქართველო გეოგრაფიულად არის რეგიონის გასაღები.
ამაზე ძალიან კარგად თამაშობს საქართველოს ხელისუფლება, რადგან სომხეთმა პირი დასავლეთისკენ იბრუნა. თუ დასავლეთი საქართველოს დაკარგავს, სომხეთსაც დაკარგავს, ერევანიც რუსეთისკენ გაემართება. საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტზე თამაშობს და მოუწოდებს დასავლეთს გააგრძელოს საქართველოს ევროინტეგრაცია თბილისის პირობებით“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, უკრაინის წყალობით საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა.
„უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირმა ჯერ უკრაინა უნდა მიიღოს და შემდეგ საქართველოს საკითხიც განიხილოს. მაგრამ არავინ იცის, როდის მოხდება ეს.
სანამ ჩვენს ტერიტორიაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არის რუსული სამხედრო ბაზა, საქართველოს გაწევრიანება ნატოში შეუძლებელია. რუსეთის ჯარების იქ ყოფნა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ნატოსთვის და არა დემოკრატიისთვის. როდესაც თურქეთი, ალბანეთი და მრავალი სხვა მიიღეს, ეს ქვეყნები ნამდვილად არ იყო დემოკრატიული. მათ სურთ საქართველოს ნატოში შეყვანა, ეს არის მომგებიანი, მაგრამ რთული, რადგან არის რუსული ჯარების ფაქტორი“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
შარაშენიძემ ივანიშვილის განცხადებას გორში ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე სერიოზული შეცდომა უწოდა, რაც, მისი შეფასებით, მათ ამომრჩეველსაც კი არ მოეწონა.
„ალბათ მას იმედი აქვს, რომ მოსკოვი თბილისსა და ცხინვალს არაოფიციალურ დონეზე კონტაქტის დამყარების საშუალებას მისცემს. თუ მუშაობს, რატომაც არა? მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამაში საშინელ ფასს არ გადავიხდით“, – დასძინა პოლიტოლოგმა.
ამასთან, მან გამორიცხა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვთან სერიოზულ დიალოგს წავა, რადგან მისი ამომრჩეველიც წინააღმდეგი იქნება, ამიტომ თუ რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე დათმობებზე არ წავა, თბილისს სერიოზული დიალოგი მოსკოვთან არ ექნება.