რა მოხდება, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა
Netgazeti.ge წერს, რომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველ დეკემბრამდე უნდა შეიკრიბოს. ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის ლეგიტიმაციას არ აღიარებს. რა მოხდება, თუ ოპოზიცია მართლა არ შევა პარლამენტში?
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ცესკოს მიერ შემაჯამებელ ოქმის გამოცემის ბოლო ვადა 21 ნოემბერია. შესაბამისად, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, ყველაზე გვიან, პირველ დეკემბერს ან უფრო ადრე გაიმართება.
პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
რა მოხდება, თუ პრეზიდენტი პირველ სხდომას არ მოიწვევს?
კონსტიტუცია ასეთ შემთხვევას არ ითვალისწინებს. თუმცა ითვალისწინებს შემთხვევას, როცა პრეზიდენტი უარს ამბობს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ასეთ ვითარებაში პარლამენტი, თავისი რეგლამენტის თანახმად, მომდევნო 48 საათის განმავლობაში იკრიბება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „კონსტიტუცია უხეში ფორმით რომც დაარღვიოს“, პარლამენტი თავისით შეიკრიბება — პირველი სხდომის მოწვევას პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო უზრუნველყოფენ.
პარლამენტის უფლებამოსილება
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. ამასთან, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის უბრალო უმრავლესობა, 76 ხმაც საკმარისია.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი ერგება. მაშასადამე, მმართველი პარტიის დეპუტატები პირველ სხდომაზე ცნობენ ოპოზიციონერი კოლეგების უფლებამოსილებასაც, ამ უკანასკნელთ კი საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეუძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ მანდატებს მიიღებენ.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ანუ თუ მანდატებზე საბოლოოდ უარის თქმას გადაწყვეტს, ოპოზიციის თითოეულმა წარმომადგენელმა, რომელიც დეპუტატი გახდება, პირადი განცხადებით უნდა მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
ამასთან, პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ, მიმართონ ცესკოსაც და გააუქმონ თავიანთი საარჩევნო სიები, რათა დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, უფლებამონაცვლეებმა არ ჩაანაცვლონ.
დისკუსია იმის შესახებ, შეეძლო თუ არა ოპოზიციას მანდატებზე უარის თქმით პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის ხელი შეეშალა, აქტუალური იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც. მაშინ უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩამონათვალს, რომელიც პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია, და მათ შორისაა პირადი განცხადებით მიმართვა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, საკითხი კენჭისყრაზე დგება.
პარლამენტის რეგლამენტი არაფერს ამბობს ისეთ დაშვებაზე, როცა სახეზეა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (რომელიმე) საფუძველი, თუმცა კენჭისყრაზე საკითხი ვარდება. ეს გარემოება დავის საგანი იყო ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის დროსაც, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი — სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი — სახეზე იყო. თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, დამატებით კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე ფორმალური ხასიათის იყო თუ თავის თავში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოიაზრებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც. „ქართულმა ოცნებამ“ ორივე შემთხვევაში განსხვავებულ არგუმენტებს მიმართა — პირველ შემთხვევაში უმრავლესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვალდებული იყო, მელიასთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა, რადგან ამის საფუძველი არსებობდა და კენჭისყრა მხოლოდ მექანიკური ხასიათის იყო. მეორე შემთხვევაში კი, მიმართვის მიუხედავად დეპუტატებს მანდატების შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ კვლავ ოპოზიციის ნების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტს ოპოზიციონერი დეპუტატებისვე მანდატების ბედს, დავის გადაწყვეტის გზა საკონსტიტუციო სასამართლოზე გადის.
რა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს ახალი პარლამენტი?
„ქართულ ოცნებას” მეათე მოწვევის პარლამენტში 89 დეპუტატი ეყოლება. ეს ნიშნავს, რომ „ოცნება” ერთპიროვნულად ვერ შეძლებს:
- კონსტიტუციის შეცვლას;
- პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას;
- კონსტიტუციური კანონის მიღებას, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით ორგანული კანონის მიღებას;
- იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას.
ნორმატიული აქტების დიდი ნაწილის მისაღებად სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (არანაკლებ 50 დეპუტატისა) ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 დეპუტატი) საკმარისია (ორგანული კანონების შემთხვევაში).
დაფინანსების დაკარგვა
მანდატებზე უარის თქმისა და სიების ჩახსნის შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას დაკარგავენ. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ბოიკოტის საპასუხოდ შეიტანა.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის. ბიუჯეტიდან ფინანსდება პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.
რაც შეეხება დაფინანსების რაოდენობას, პარტია ყოველწლიურად ბიუჯეტიდან იღებს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის — 15 ლარს, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარს.
ამ ფორმულით, ოპოზიციური ბარიერგადალახული პარტიების ყოველწლიური დაფინანსება გამოდის:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ — 1 645 540 ლარი
- „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“ — 1 555 480 ლარი
- „ძლიერი საქართველო“ — 1 414 515 ლარი
- „გახარია საქართველოსთვის“ — 1 306 575 ლარი
თუმცა პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს.
პარტია მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.
არასაპატიო მიზეზით გაცდენად არ ითვლება პოლიტიკური შეხედულებების გამო პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე უარის თქმა. შესაბამისად, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუძლიათ, მანდატები და დაფინანსება პარტიისთვის შეინარჩუნონ, თუმცა ბოიკოტი გამოუცხადონ პლენარულ სხდომებს. თუ ოპოზიციის დეპუტატები საკომიტეტო მუშაობაშიც არ მიიღებენ მონაწილეობს, ხელფასები დაუკავდებათ.