მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ხსნის, რატომ ჩაატარა ექსპერიმენტი ხმის ფარულობაზე
Netgazeti.ge წერს, რომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, რომელმაც თეთრიწყაროს ოლქში არჩევნების შედეგები ხმის ფარულობის დარღვევის გამო ბათილად ცნო, თავის გადაწყვეტილებაზე „ტვ პირველთან ისაუბრა“.
„მივიღე გადაწყვეტილება სამოსამართლეო ფიცზე, სინდისზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლიანობაზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით“, – თქვა ხუჭუამ.
ხუჭუამ აგრეთვე ახსნა, თუ რატომ ჩაატარა სასამართლო ექსპერიმენტი:
„მიმაჩნია, რომ გამორიცხულია სიმართლის დადგენა, თუ სასამართლომ უშუალოდ არ შეაფასა კონკრეტული მტკიცებულებები. გასაგებად რომ ვთქვა, მხარეებს კონკრეტული ფაქტები არ ჰქონიათ წარმოდგენილი ფარულობის დარღვევის, საკითხი დაყენებული იყო სხვანაირად – რომ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამ ფარულობის პრინციპს ბუნებრივად ვერ დაიცავდა.
მაგალითად რომ ვთქვათ – რომ იყოს სადავო, რომ ავტომობილს, რომელიც დგას 100 მეტრში და არ აქვს საბურავები და ძრავა, და ერთი მხარე რომ ამტკიცებდეს, რომ ეს მანქანა 30 წუთის წინ მესტიიდან ჩამოიყვანა, მეორე კი ამტკიცებდეს, რომ მანქანა აქ იდგა და არსად წასულა – გონივრული იქნება მესტიაში წასვლა და სასამართლომ იქიდან დაიწყოს მტკიცებულებების მოძიება?“, – განაცხადა მოსამართლემ.
მისივე თქმით, მადლობელია მოქალაქეების რეაქციით მის გადაწყვეტილებაზე.
„დიდი მადლობელი ვარ ყველასი, რომ ამ [საქებარ] სიტყვებს ამბობთ. ამაზე დიდი ჯილდო და მოტივაცია ჩემთვის არ არსებობს. ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. როგორც ვმუშაობდი, ისე გავაგრძელებ.
მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო. არ დამიწყია იმაზე ფიქრი, ვის მოეწონება და არ მოეწონება ეს გადაწყვეტილება. სიმართლის და სამართლის ძალა ძალიან დიდია. ვინმე თუ ფიქრობს, ეს პერიოდულობით შეიძლება შეიცვალოს, ვერ შეიცვლება. არ შეიძლება, იმედი დავკარგოთ“, – აღნიშნა მან.