სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იმ დონეზე აიყვანა, რომელიც არამარტო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის კავშირებს, არამედ დიდად შეუწყობს ხელს რეგიონულ თანამშრომლობასა და სტაბილურობას.
„არმენპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ორ ქვეყანას შორის არსებულ მდიდარ დღის წესრიგზე საუბრისას, მათ შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო თანამშროლობის საკითხებზე, სომხურ-ქართული პარტნიორობის მოსალოდნელ საკითხებსა და სიტუაციაზე რეგიონში.
ინტერვიუ 24 ოქტომბერს გაიმართა.
– ბატონო ელჩო, სომხეთსა და საქართველოს ყოველთვის ჰქონდათ თბილი და მეგობრული ურთიერთობა. 2024 წლის იანვარში სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ბატონო ელჩო, როგორ შეაფასებდით ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ამჟამინდელ დონეს და ამ დეკლარაციის ხელმოწერას? თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით?
– ქართველებსა და სომხებს შორის კეთილმეზობლური, მეგობრული და თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სფერო ისტორიულ დონეზეა სხვადასხვა განზომილებაში: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ენერგეტიკულ, ტურისტულ და სხვა სფეროებში. სიამოვნებით შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს აქვთ პასპორტის გარეშე, მხოლოდ ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით საზღვრის გადაკვეთის პრივილეგია.
2024 წლის იანვარში სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელმაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ახალ დონეზე აიყვანა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობის ეს ახალი განზომილება არა მხოლოდ საქართველო-სომხეთის კავშირებს გააღრმავებს, არამედ დიდად შეუწყობს ხელს რეგიონულ თანამშრომლობასა და სტაბილურობას.
მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის მარტში „Bank of Georgia Group“-ის განცხადების მიხედვით, საქართველომ სომხეთის რესპუბლიკაში უპრეცედენტო პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკმა 303,6 მლნ აშშ დოლარად იყიდა უმსხვილესი სომხური ფინანსური ინსტიტუტი ,,ამერია ბანკი“. ჩემთვის აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ზრდა საგრძნობი იქნება ჩვენს ხალხებს შორის.
–საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მიწვევით, 1 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია დელეგაცია, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით. როგორ შეაფასებთ ორ ქვეყანას შორის თავდაცვით ურთიერთობებს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ვიზიტებმა ორი ქვეყნის სამხედრო კავშირებზე?
– საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთში 2024 წლის ივლისში ძალიან წარმატებული ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, 13 ივლისს, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი. გარდა ამისა, მინისტრი პაპიკიანი საქართველოს ესტუმრა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს. სხვადასხვა დარგის სამინისტროებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ეს ძალიან აქტიური დინამიკა არის ჩვენი მთავრობების უკიდურესად ეფექტური თანამშრომლობის დამოწმება. თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა წლების განმავლობაში განვითარდა, რაც ორ ქვეყანას თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ნატოს პარტნიორობის საერთაშორისო მისიებში, ასევე ევროკავშირის მისიებში. აღსანიშნავია, რომ საქართველომ მიიღო ფასდაუდებელი გამოცდილება სამხედრო განათლების სფეროში და სამხედრო აკადემიასთან ერთად დააარსა ფართომასშტაბიანი სერჟანტთა მომზადების ცენტრი და გააჩნია მომავალი ოფიცრების მომზადების ყველა საჭირო ინსტრუმენტი. სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში. ჩვენ ასევე ვმასპინძლობთ სომხეთის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, რომელიც არის ნატოს მიერ აკრედიტებული პირველი ინსტიტუტი რეგიონში და უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს პროფესიული განვითარების, ინფორმაციის გაზიარების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისა და თავდაცვის მართვის თანამშრომლობისთვის, მათ შორის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
– უკვე დიდი ხანია, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თვეების წინ ორ სახელმწიფოს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმება შედგა და საზღვრის გარკვეული ნაწილის დემარკაცია მოხდა. როგორ შეაფასებდით ამ მოლაპარაკებებს და როგორია თბილისის თვალსაზრისი ერევანსა და ბაქოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით? თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვთ მათ სამხრეთ კავკასიისთვის?
– საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში. ჩვენი აზრით, მშვიდობიანი თანაცხოვრება, დიალოგი და კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველას ინტერესებშია. ქართული მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს და მხარი დაუჭიროს ამ პროცესს იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა და მოითხოვება ჩვენი მეზობლების მიერ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება.
– ბატონო ელჩო, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ სომხეთ–საქართველოს საზღვრის დემარკაციაზე და ორი ქვეყნის მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაახლონ და დაასრულონ სამუშაოები სომხეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე. რას იტყვით ამ მხრივ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის?
– სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია რჩება საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან დღის წესრიგის საკითხად. და როგორც პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის თბილისში ვიზიტის დროს აღინიშნა, ორი ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას ამ პროცესის განახლებისთვის საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიებს შორის დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.
– გასულ წელს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოაქვეყნა პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინი“. როგორია საქართველოს აზრი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით?
– მიმდინარე გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასია სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ევროპის მთელ კონტინენტს. რეგიონის სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ისევე როგორც ენერგეტიკული რესურსები, მნიშვნელოვანია მდგრადი კავშირის უზრუნველსაყოფად. როგორც არსებული, ასევე ახალი რეგიონული ინიციატივები ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი რეგიონის შესაძლებლობებს.
საქართველომ უმთავრეს პრიორიტეტად აქცია კავშირი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია შუა დერეფანი. შუა დერეფანი, გარდა იმისა, რომ არის ეკონომიკური ინიციატივა, არის ინსტრუმენტი უფრო დიდი რეგიონული ინტეგრაციისა და სტაბილურობის მისაღწევად. ამის გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყეთ არაერთი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი რეგიონის ინტეგრაციის გაღრმავებას.
22 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება აზიასა და ევროპას შორის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. პორტის საწყისი ინვესტიცია 600 მილიონი დოლარია და წელიწადში 600 000 კონტეინერის ტრანსპორტირებას შეძლებს. მშენებლობის პირველ ეტაპზე უშუალოდ 500 ფიზიკური პირი იმუშავებს. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მიზნად ისახავს 2029 წელს პორტში პირველი გემის მიღებას. პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას და გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას. როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პროექტი მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ეს არის ლოგისტიკური მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ევროპასთან სამხრეთ კავკასიით, საქართველოს გავლით.
მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო ნამდვილად არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობით. საქართველომ შესთავაზა თანამშრომლობის ფორმატი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს რეგიონული ურთიერთობების მოწესრიგებას დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესის კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით: ეკონომიკა და ვაჭრობა, კულტურა, განათლება, ინოვაციები და ა.შ. ზოგადად, ჩვენ განვიხილავთ რეგიონულ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას, გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.
– ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა სომხეთსა და საქართველოს შორის. როგორი იყო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 2023 წელს. რა ტენდენციები შეინიშნება ორმხრივ საექსპორტო და საიმპორტო ბაზრებზე?
– საქართველოს სომხეთთან ვაჭრობის ისტორიაში 2023 წლის ექსპორტი რეკორდული იყო და საქონლის ექსპორტმა 787 მილიონ 129 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 34,7 პროცენტით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე. საქართველოსა და სომხეთს შორის ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს სომხეთიდან 962,5 ათასი ტურისტი ეწვია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 387 ათას 691 შეადგინა. თურქეთისა და რუსეთის შემდეგ, სომხეთი ვიზიტორთა რაოდენობით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება შარშან სომხეთში ნამყოფ ქართველებს, 348 980 ვიზიტორით, საქართველო სომხეთის სხვა ვიზიტორებს შორის მეორე ადგილზეა.
– თქვენი აზრით, რა სფეროებია, რომლებიც ყველაზე საინტერესოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების თვალსაზრისით?
– ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და სომხეთს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ შემდგომ განვითარებას. სომხეთი ბოლო წლებში ტრადიციულად საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. მიგვაჩნია, რომ არსებობს შესაძლებლობა გაიზარდოს ქართული ექსპორტი სომხეთის ბაზარზე, ასევე სომხური პროდუქციის მიმოქცევა ქართულ ბაზარზე. სხვა მიმართულებებია ტურიზმი, ინოვაციები, კულტურა და განათლება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბიზნეს კონფერენციების, B2B და სხვა მაღალი დონის ეკონომიკური შეხვედრების მხარდაჭერა ჩვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად და ინვესტორებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ იყვნენ უფრო მეტად აქტიურები. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს სომეხ პარტნიორებთან ერთად ამ იმედისმომცემი მიზნების მისაღწევად.
– ბატონო ელჩო, როგორც თქვენ თქვით, ბოლო დროს გააქტიურდა ორ ქვეყანას შორის მაღალი თანამდებობის პირების ორმხრივი ვიზიტები. ბოლო მაღალი რანგის ვიზიტი 16 სექტემბერს შედგა, როდესაც თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ამ მხრივ, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ეს ვიზიტები ორ ხალხს შორის ორმხრივი კავშირების მომავლისა და სომხურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით?
– უაღრესად მნიშვნელოვანია ვიზიტების გაცვლა ყველა დონეზე და განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე. ეს ორმხრივი დისკუსიები თანდათან ქმნის მყარ საფუძველს პრაქტიკული თანამშრომლობისა და ურთიერთქმედებისთვის, რაც საბოლოოდ გადაიქცევა ხელშესახებ შედეგებში ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის.
-ბატონო შარვაშიძე, უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოდან სომხეთში?
– მოგეხსენებათ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი ნება, რომ სომხეთთან ვიზიტების დინამიკა იგივე დონეზე შეინარჩუნოს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ახალი მთავრობის ფორმირებას უფრო მაღალი დონის ვიზიტები მოჰყვება.
– ბატონო ელჩო, ხომ არ გსურთ რაიმეს დამატება?
– მოგეხსენებათ, საქართველოს საელჩოს ახალი მისამართი აქვს ერევნის ავანის რაიონში, წარავ აღბიურის 127 (0052 ერევანი). 2024 წლის აპრილში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნეს სომხეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში. ეს მართლაც ისტორიული მიღწევაა, რაც პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო სომხეთში საელჩოს შენობის მფლობელია. შენობის დიზაინი აერთიანებს განსხვავებულ ეთნიკურ და კულტურულ მოტივებს, რაც ასახავს საქართველოს მდიდარ მემკვიდრეობას. საელჩომ უკვე უმასპინძლა მნიშვნელოვან კულტურულ, საგანმანათლებლო და ეთნოგრაფიულ ღონისძიებებს მის ტერიტორიაზე. საელჩო მალე იქცა ქართველ და სომეხ ხალხთა ურთიერთობის ადგილად. და ბოლოს, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ინტერესისთვის და შესაძლებლობისთვის, წარმოადგინოთ ყოვლისმომცველი მიმოხილვა საქართველოსა და სომხეთს შორის სანიმუშო ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. მომავალში სიამოვნებით გიმასპინძლებთ ახალ საელჩოში. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ სომხეთს და სომეხ ხალხს.