სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი 13-15 ნოემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ჟენევაში “CRANS MONTANA FORUM” ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.
ფორუმი „კრეინ მონტანა” (CRANS MONTANA FORUM) არის შვეიცარიული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1986 წელს. ფორუმის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებს, მთავრობებსა და პოლიტიკოსებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე სტაბილურობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა.
მიმდინარე წლის ექსკლუზიური სხდომა ეძღვნება თემას „უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკური განვითარება, ბიზნესი და ინვესტიციები“.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ნგოზი ოკონჯო-ივეალასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტთან მირჯანა სპოლარიჩ ეგერთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ვოლკერ ტურქთან და სხვა მაღალი რანგის პარტნიორებთან.