აზერბაიჯანის საელჩოს სამხედრო ატაშეს, რომელიც თურქეთში 70 კგ ოქროთი იქნა დაკავებული, ბაქოს სამხედრო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
FACTOR.AM -ი წერს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ატაშეს ღაჰრამან მამედოვს, რომელიც სტამბოლში 70 კილოგრამი ოქროთი დააკავეს, ბაქოს სამხედრო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მამედოვი ბრალდებულია აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SSP) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 12.1, 206.3.2, 206.3.3 (საზღვარგარეთ კონტრაბანდა) და 341.1 (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებით. ბაქოს სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამედოვს 4-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლში, სავაჭრო ცენტრ „ვადისტანბულ“ -თან გაჩერებულ ტაქსში 70 კგ ოქრო აღმოაჩინეს. მამაკაცმა, რომელმაც თავი აზერბაიჯანელ დიპლომატად წარმოადგინა, აღიარა, რომ ოქრო მას ეკუთვნოდა. კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა აზერბაიჯანის მოქალაქე ღაჰრამან მამედოვი დააკავა და 70 კგ ოქრო ამოიღო. აზერბაიჯანული წყაროების ინფორმაციით, მამედოვი მანამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, ხოლო მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო აზერბაიჯანის საელჩო საუდის არაბეთში, სადაც მსახურობდა სამხედრო ატაშედ. 2017-2021 წლეებში მამედოვი აშშ-ში აზერბაიჯანის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე იყო. ამ საქმესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ. ინციდენტის შემდეგ მამედოვი სასწრაფოდ გადაიყვანეს ბაქოში, სადაც გამოძიება დაიწყო.