ირაკლი კობახიძე – ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება, ამიტომ უპირისპირდებოდნენ რადიკალები და მათი პატრონები გამჭვირვალობის კანონს, სურდათ გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია
![](/wp-content/uploads/2024/11/1732788018-kobaxidze3.jpg)
ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც 1TV წერს, კობახიძის განცხადებით, გასაკვირი არაა, რატომ უპირისპირდებოდნენ რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“. კობახიძის თქმით, მათ ქვეყანაში გაუმჭვირვალედ სურდათ რევოლუციის მოწყობა.
„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება. სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თავის დროზე ეს ადამიანები, რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები ასე უპირისპირდებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა – „გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც უწოდეს „რუსული კანონი“ სწორედ ამ ადამიანებმა, მოძალადეებმა და რადიკალებმა და რომელიც სინამდვილეში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება.
„ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება. მთელი ამ წლების განმავლობაში, ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას და რაც ყველაზე მძიმეა, ემსახურებოდა ლიბერალური ფაშიზმის გენერირებას ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა. მინდა, მოვუწოდო, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას. ჩვენ, თავისთავად, ჩვენი მხრივ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.