მთავარისაზოგადოება

როგორ ხვდება   ახალ წელს და კალანდას  საქართველოს ეროვნებით სომეხი მოსახლეობა

დღეს მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო  იმაზე,   თუ  როგორ ხვდება   ახალ წელს და კალანდას  საქართველოს ეროვნებით სომეხი მოსახლეობა.

რა თქმა უნდა წლების განმავლობაში გვერდიგვერდ  ცხოვრებისას საქართველოს სომხებმა შეითვისეს  ქართული ტრადიციებიც, მაგრამ მათ სასახელოდ  უნდა აღინიშნოს, რომ ისინი იცავენ  თავიანთ  კულტურას,  წეს-ჩვეულებებს და  უფრთხილდებიან მას.

სომხური კულტურისა და სომხური ტრადიციების შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ქართველ სომეხთა კავშირს“  რომელიც 2014 წელს დაარსდა.

„საერთოდ, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხების მიმართულებით, დოკუმენტურად არაერთი ორგანიზაცია არსებობს. თუმცა, სამწუხაროდ, სხვადსხვა მიზეზების და პრობლემების გამო, მოქმედი მათგან  მხოლოდ რამდენიმეა.   მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდება „ქართველ სომეხთა კავშირია“ და ძირითადი მუშაობის თემა არის სომხურ-ქართული ურთიერთობები, ჩვენ ერთგვარი საინტერესო მიდგომა შევიმუშავეთ. ჩვენთან საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მოდის და ღონისძიებებში მონაწილეობას იღებს. ძირითადი თემა ინტეგრაცია და ადამიანის უფლებებია, მაგრამ ვმუშაობთ ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე “, – ამბობს „ქართველ სომეხთა კავშირის“ გამგეობის წევრი და პროექტების მენეჯერი  მარი არაქელოვა.

ბავშვები ნაძვისხეს რთავენ და მოუთმენლად ელიან 12 საათის დადგომას. მარიამი კი საახალწლოდ სხვადასხვა კერძს ამზადებს, მათ შორის საცივსა და ტოლმას. აცხობს ქადებს და გოზინაყს ამზადებს. ამბობს, რომ მათ საახალწლო სუფრაზე  სომხური ტრადიციული კერძებიც იქნება და ქართულიც. შემდეგ  მარიამი სომხური ქადის გამოცხობის ტრადიციაზე გვიამბობს.

„ძველი ტრადიციის თანახმად, ქადაში დებდნენ ოქროს მონეტას და იმ წელს, ვისაც შეხვდებოდა მონეტა, ითვლებოდა, რომ ის იქნებოდა ყველაზე ბედნიერი და წარმატებული ადამიანი ოჯახიდან. როდესაც უკვე ქრისტიანობა შემოვიდა სომხურ კულტურაში, ეს შენარჩუნდა და მოხდა მისი მოდიფიკაცია ქრისტიანულ კულტურაში. სომხური საეკლესიო წესით ახალ წელს თან მარხვა  ახლავს, მაგრამ მარხვა   ერთი დღით წყდება და სომხები ეკლესიურად ამას „მიჩინქს“ ვუწოდებთ.   ესე იგი იმ დღეს არის ხსნილი  და  შესაძლებელია ქადის მირთმევა, ხსნილის დროს ძველი ტრადიცია შენარჩუნდა, იდება მონეტები და ეკლესიებში რიგდება ქადები მრევლისთვის“, – ამბობს მარიამ არაქელოვა.

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია და საახალწლო მაგიდას უსხედან ოჯახის წევრები. როგორც მარიამი ამბობს, სომხებს სჯერათ, რომ  ახალ წელს რა განწყობითაც შეხვდები, სწორედ  ისეთი წელი იქნება.

ჯავახეთში,  საქართველოს სომხებით დასახლებულ ამ მშვენიერ კუთხეში ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაულია. ხალხში მას ხშირად  კაღანდს ან კაღინდს  უწოდებენ. ეს ის დღესასწაულია, რომელსაც ჯავახელები დიდი სიყვარულით ხვდებიან.

თუ სომხეთში იმ დღისათვის  წლის ბოლო კვირაში ან თუნდაც ბოლო თვეში ემზადებიან,  აბა ჯავახელები ახალი წლის ზეიმისათვის თადარიგს იჭერენ  მთელი წლის განმავლობაში.  ზრდიან ხბოს,  გოჭებს და  ქათმებს,  შესაწირავად გამზადებულ ბატკანს.  

ახალი წლისათვის  ჯავახელი ფერმერი ათი კილო ხორცის ყიდვას ამჯობინებს ოჯახში გაზრდილი  ხბოს დაკვლას, ასე უფრო ბარაქიანიაო  – ამბობენ.

ჯავახელები  ახალი წლის შესახვედრად  სხვადასხვა პროდუქტებსაც იმარაგებენ იქნება ეს ხილი, ციტრუსი, თხილეული, სასმელი და სხვა სასურსათო პროდუქტები.

ადრე ყოფილა  ასეთის საახალწლო ტრადიცია  –   „ქუდის ჩაკიდება“.  ახალგაზრდები  ბაწარზე გამობმულ ქუდს სახლის ბანიდან ქვემოთ ჩაუშვებდნენ და სახლის პატრონებს  ქუდი  სასუსნავით უნდა გაევსოთ,  იქნებოდა ეს ტკბილეული, ჩირეული და თუნდაც ლავაშში გახვეული ცივად მოხარშული ხორცი. ისეც ხდებოდა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მასპინძელი ვითომ ხუმრობით ქუდში ქვას ან  რაიმე გამოუყენებლად უვარგის საგანს ჩაუდებდა, რაც ახალგაზრდების აღშფოთებას იწვევდა.

ახლა ახალგაზრდებს უფრო თანამედროვე  გასართობები გამოუჩნდათ და ძველ ტრადიციებს   იშვიათად თუ გაიხსენებს ვინმე. 

გარდა ამისა ჯავახეთში აუცილებლად უნდა გამომცხვარიყო  დიდი ტორტისმაგვარი ნამცხვარი, რომელსაც ეწოდებოდა „ტარინ“ ანუ „წელი“. ეს ნამცხვარი წლის სიმბოლო იყო და აუცილებლად უნდა გაჭრილიყო შუაღამეს, ახალის წლის მობრძანებასთან ერთად. ოჯახის ყველა წევრს უნდა რგებოდა ერთი ნაჭერი მაინც. ნამცხვარში მონეტას აყოლებდნენ და ვისაც მონეტა შეხვდებოდა იმ წელს ყველაზე მეტი წრმატებული ის იქნებოდა. ღმერთმა დაიცვას და მონეტას დანა შეეხებოდა, მაშინ ის ოჯახისათვის უბედურების მომასწავებელი იყო.  ეს წესი დღესაც არის ჯავახეთში და საქარველოს ამ კუთხეში მცხოვრები სომხები კვლავ დიდი მოუთმენლობითა და ინტერესით ელოდებიან 1 იანვრის დადგომას. საახალწლოდ ახალქალაქსა და სხვა რაიონებში  ეწყობა   საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ქალაქის მთავარ მოედანზე განთვასებულია  საახალწლო ნაძვის  ხე,   ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.  ტრადიციულად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა  ტკბილეულსა  და საჩუქრებს გადასცემს. საახალწლო ღონისძიებაზე, ადგილობრივების და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი იმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button