როგორია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
bpn.ge წერს, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5%-ით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა.
2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 541.3 ლარს შეადგენს, რაც ახლანდელი კურსით 550.5 აშშ დოლარია.
როგორია საშუალო ხელფასის მაჩვენებელი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?
- რეგიონში ყველაზე მაღალი ხელფასები რუსეთშია. რუსეთის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის თანახმად, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2022 წლის ივლისის მონაცემებით 62,200 რუბლია, თითქმის 998 აშშ დოლარი.
- შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც წელს საშუალო ნომინალური ხელფასი თვეში 223,971 დრამს (554 აშშ დოლარი) შეადგენს.
- თურქეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2022-ში საშუალო თვიური ხელფასი ქვეყანაში 10,000 ლირამდეა (538 აშშ დოლარი). ყველაზე მაღალი ხელფასი IT, საფინანსო და სადაზღვევო და განათლების სექტორებშია.
- ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი რეგიონში აზერბაიჯანშია – 731 მანათი (430 აშშ დოლარი). ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორებია მაინინგი, ფინანსები და დაზღვევა, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები.
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოში მედიანური ხელფასი საშუალო ხელფასის მაჩვენებელზე 31%-ით ნაკლები იყო და 900 ლარს შეადგენდა.
მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია. მაგალითად, თუ საწარმოში 5 ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 3 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების – 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი – 500 ლარი, საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით კი თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარი გამოდის. შესაბამისად, ექსპერტების მოსაზრებით, საშუალო ხელფასს მედიანური ხელფასი უკეთესად ასახავს.