საერთაშორისო

მე საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ — სალომე ზურაბიშვილი

„მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, მიუხედავად „ქართული ოცნების“ პრეტენზიებისა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა ჰადსონის ინსტიტუტში, პანელურ დისკუსიაზე, სადაც საქართველოდან ონლაინ ფორმატში ჩაერთო. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლამდე ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ უოლტერსმა, წარადგინა, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველთა შთამომავალი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც წინა ხაზზე დგას ქართველთა ბრძოლაში არა მხოლოდ რუსული კანონების ან არჩევნების სადავო შედეგების გამო, არამედ ერისა და სახელმწიფოს მომავლისთვის. სალომე ზურაბიშვილის შესწორებას, რომ ის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია, ჰადსონის ინსტიტუტში ტაშით უპასუხეს.

„ქართული ოცნება“, რომელმაც თავის დროზე აიღო ვალდებულება, ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე წინ წაეწია, ქართულ კოშმარად იქცა, ან რუსულ ოცნებად, და ქვეყანა ჯერ ნელ-ნელა, შემდეგ კი ბევრად აქტიური ქმედებებით დააშორა მის მეგობრებსა და პარტნიორებს, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მიმართ აგრესიით, ე.წ. რუსული კანონით და კიდევ სხვა კანონებით, რომლებიც არანაკლებ რუსულია თავისი არსითა და ფორმით.

მათ მიერ გადადგმული ანტიდასავლური ნაბიჯები მეტ-ნაკლებად ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყებას, თუმცა სინამდვილეში უფრო ადრეც დაიწყო. ზურგი ვაქციეთ სტრატეგიულ პარტნიორებს და შევბრუნდით არასტრატეგიული პარტნიორებისკენ. დავკარგეთ მართლმსაჯულება, სასამართლო აღარ არსებობს ქვეყანაში. პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი აღარ არსებობს“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რაც საქართველოს რუსული გავლენებისგან იცავს, ცოცხალი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა საქართველოში, რომელიც არ ეგუება ერთპარტიულ მმართველობას, წინააღმდეგობას უწევს რუსულ კანონებს.

სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები, „ოცნებისთვის“ სასურველი შედეგების დასადებად მრავალფეროვანი გზების გამოყენება, რუსული თამაშისა და ახალი რუსული სტრატეგიის ნაწილია.

„რაც მოხდა არჩევნებზე, არაა ორ პარტიას შორის კონკურენციისა და მათი ურთიერთბრალდებების საკითხი. ეს იყო ორგანიზებული აქტი არჩევნების მოსაპარად, რომელიც იყო კარგად დაგეგმილი, შთაგონებული ასევე რუსეთიდან, შედეგების გაყალბების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით.

ესაა რუსული თამაში, რომელიც ცდილობს, საქართველო ისევ რუსეთის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ეს არის ერთგვარი ალტერნატივა იმისა, რაც უკრაინაში ხდება. რუსეთი ვერ იგებს ომს უკრაინაში და მეტიც, ფაქტია, რომ აგებს, არ შეუძლია გამარჯვება არც ერთ წელიწადში, არც ორში და არც „სამ დღეში“, როგორც ამას თავიდან გეგმავდნენ.

საქართველოსთან რუსეთი იყენებს უფრო იაფ გზას, ჰიბრიდულ ომს, პროპაგანდას. რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვუყურებთ, რუსეთმა ეს მოლდოვაშიც სცადა, ოდნავ სხვაგვარად, მაგრამ რუმინეთშიც. რომ არა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ არა მოლდოველების დიასპორა, საქმე ამ ქვეყნებშიც სხვაგვარად იქნებოდა. ქართულ დიასპორას პრობლემები შეუქმნეს არჩევნებზე, ჩვენ არც დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს. თუ არ ვიფიქრებთ იმაზე, რაც ახლა საქართველოში ხდება, მსგავსი პრობლემის წინაშე სხვა ქვეყნებიც დადგებიან.

არსებითად მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების არაღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია არალეგიტიმური მთავრობის, პარლამენტის დე ფაქტო პრეზიდენტის არაღიარება, სანქციები არა მარტო მაღალჩინოსნების, არამედ მათი გარემოცვის მიმართ.

ასეთი ღრმა კრიზისიდან ახალი არჩევნების გარეშე ვერ გამოვალთ და ამაში თქვენი დახმარებაც გვჭირდება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც აშშ-ში, ჰადსონის ინსტიტუტში გაიმართა და რომელშიც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა მონაწილეობას.

ნახეთ მეტი
Back to top button