საზოგადოება

რომის პაპის გადაწყვეტილებით, სომეხთა გენოციდის მოწამე ნეტარი იგნატიუს მალოიანი წმინდანად შეირაცხება

პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, წმინდანად შერაცხეს სამი ნეტარი, მათ შორის სომეხი კათოლიკე არქიეპისკოპოსი იგნატიუს შუკრალა მალოიანი, რომელიც მოწამეობრივად დაიღუპა სომხების გენოციდის დროს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ იტყობინება ვატიკანის საინფორმაციო ვებ-გვერდი, სადაც ნათქვამია, რომ წმინდანად შეირაცხებიან მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული პაპუა-ახალი გვინეის საერო კათოლიკოსი და ვენესუელელი რელიგიური და, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა განათლებას და ღარიბებს.

წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება რომის პაპმა ფრანცისკემ 28 მარტს მიიღო. ნეტარი იგნატიუს მალოიანი დაიბადა 1869 წლის 19 აპრილს, დღევანდელ თურქეთში, ქალაქ მარდინში. 14 წლის ასაკში იგი შევიდა ლიბანის ზმაუს მონასტრის სასულიერო ორდენში და ხელდასხმული იქნა 1896 წელს, მიიღო სახელი იგნატიუსი.

ის ალექსანდრიაში ბრწყინავდა თავისი ქადაგებით როგორც არაბულ, ისე თურქულ ენებზე. შემდეგ იგი დაინიშნა კაიროს პატრიარქად, მაგრამ მომდევნო წელს იგი დაბრუნდა ალექსანდრიაში მხედველობის პრობლემების გამო.   1911 წელს დაინიშნა მარდინის პატრიარქად.

სომეხთა გენოციდის დროს იგი ათეულობით ქრისტიანთან ერთად დააკავეს და სასამართლოში მიიყვანეს. როდესაც უთხრეს, რომ მისი სიცოცხლე შეიძლებოდა გადარჩენილიყო, თუ ის ისლამს მიიღებდა, იგნატიუს შუკრალა მალოიანმა განაცხადა: „ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ სახელმწიფოს მიმართ ორგულნი… მაგრამ თუ თქვენ გვთხოვთ, რომ ვიყოთ ჩვენი რელიგიის მიმართ ორგულნი, ეს არასოდეს მოხდება“.

ამის შემდეგ ის აწამეს და ცოტა ხანში სიკვდილით დასაჯეს. 2001 წელს ის რომის პაპმა იოანე პავლე II-მ ნეტარად აღიარა.

ნახეთ მეტი
Back to top button