დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს: 2035 წლისთვის დღე შესაძლოა 1 წამით შემცირდეს

დედამიწა თავისი ღერძის გარშემო უფრო სწრაფად ბრუნავს და 2035 წლისთვის შესაძლოა დღისგან სრული წამის გამოკლება მოგვიწიოს, წერს DW-ს რუსული სამსახური. მეცნიერები შეშფოთებულები არიან: პლანეტის ბრუნვის სიჩქარე იზრდება: 10 ივლისი წლის უმოკლესი დღე გახდა, რომელიც სტანდარტულ 24 საათზე (ერთ წამში 1000 მილიწამია) 1.36 მილიწამით ნაკლები გაგრძელდა, წერს CNN Science, დედამიწის ბრუნვის საერთაშორისო სამსახურსა და აშშ-ის საზღვაო ობსერვატორიაზე დაყრდნობით. ეს „დეფიციტი“ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იგრძნობა, მაგრამ მას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს კომპიუტერების, თანამგზავრების, ნავიგაციის სისტემებისა და ტელეკომუნიკაციების მუშაობაზე. 1955 წლიდან ზუსტი დროის გასაზომად სპეციალური ატომური საათები გამოიყენება. საინტერესოა, რომ პლანეტა უფრო ნელა ბრუნავდა, ამიტომ 1972 წლიდან მეცნიერებმა კოორდინირებულ უნივერსალურ დროს (UTC) 27-ჯერ დაამატეს 1 წამი. თუმცა, დროთა განმავლობაში, პლანეტამ უფრო სწრაფად დაიწყო ბრუნვა და 2016 წლიდან წამები აღარ დაემატა. ახლა კი მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს დღის ხანგრძლივობიდან 1 წამის გამოკლება. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მთელ მსოფლიოში ელექტრომოწყობილობებისა და კომპიუტერებისთვის ეს შეიძლება „2000 წლის პრობლემის“ მსგავსი გახდეს, როდესაც ყველას ეშინოდა, რომ კომპიუტერები ვერ შეძლებდნენ წლის „გადატვირთვას“ „99“-დან „00“-მდე. აღსანიშნავია, რომ გლობალური დათბობა, რომელიც ზოგადად უარყოფითად მოქმედებს პლანეტაზე, ეწინააღმდეგება დედამიწის ბრუნვის აჩქარებას: ყინულის დაჩქარებული დნობის გარეშე, შესაძლებელია, რომ 24 საათიდან 1 წამის გამოკლების საჭიროება ახლავე გაჩნდეს.









