კარენ თოროსიანი, Gault & Millau Belgium-ის 2026 წლის საუკეთესო შეფ-მზარეული

ცნობილი ბელგიელი შეფ-მზარეული კარენ თოროსიანი Gault & Millau Belgium-ის მიერ 2026 წლის „საუკეთესო შეფ-მზარეულად“ დასახელდა და ევროპული გასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – „კულინარიული ოსკარი“ მიიღო.
დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის 4 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა, 2000-ზე მეტი შეფ-მზარეულის, ჟურნალისტისა და სტუმრის მონაწილეობით.
თოროსიანის რესტორანი Bozar, რომელსაც ორი მიშლენის ვარსკვლავი აქვს მინიჭებული, ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო ელიტურ რესტორნად აღიარეს.
„წლის შეფ-მზარეულის ტიტული ჩემი ოცნება იყო. როდესაც პირველად ბელგიაში ჩამოვედი, შეფ-მზარეულებს კინოვარსკვლავებივით ვუყურებდი. დღეს ეს ტიტული ჩემია“, – დაწერა თოროსიანმა სოციალურ მედიაში.
Gault & Millau-მ თოროსიანი აღწერა, როგორც „სომხური წარმოშობის შეფ-მზარეული, რომელიც ბელგიას შეუყვარდა და თავისი ოსტატობით საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა“.
სომხეთში დაბადებული და ბრიუსელში გაზრდილი კარენ თოროსიანი ევროპული მაღალი სამზარეულოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ წარმომადგენლად ითვლება.
„მისი საერთაშორისო წარმატება არა მხოლოდ პირად მიღწევად, არამედ მთელი სომხური დიასპორისთვის სიამაყის წყაროდაც იქცა“, – წერს Zartonk Media.









