ევროპაში პრესის თავისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშაა, ანგარიში „გარდამტეხ მომენტში: პრესის თავისუფლება 2025“

ევროპაში პრესის თავისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ დარჩა 2025 წელს, რასაც სამართლებრივი მუქარა, ფიზიკური თავდასხმები და დაშინება, მედია საშუალებების „მითვისების“ მცდელობები და ტრანსნაციონალური დევნა განაპირობებდა, ნათქვამია ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციების ყოველწლიურ ანგარიშში.
სიტუაცია გარკვეულწილად შემსუბუქდა რიგ ქვეყნებში და ევროპულ დონეზე განხორციელებული ინიციატივების წყალობით.
ანგარიშში, სახელწოდებით „გარდამტეხ მომენტში: პრესის თავისუფლება 2025“, ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჟურნალისტებისთვის ყველაზე სერიოზულ საფრთხედ რჩება: ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა, ბევრი დაკავებული რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ზოგი კი დაკარგულია.
ანგარიშში შეტანილი ქვეყნების მეოთხედში, ჟურნალისტებს ხშირად ფიზიკურად ესხმოდნენ თავს პოლიცია, პოლიტიკური ფიგურები და დემონსტრანტები საპროტესტო აქციების დროს. ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოში, სერბეთსა და თურქეთში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლების საფრთხის შემცველი ინციდენტები 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა.
ავტორები ასევე შეშფოთებულნი არიან მედიის კონტროლის ინსტრუმენტად დაკავების სისტემატური გამოყენებით.
2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ევროპაში 148 ჟურნალისტი იმყოფებოდა პატიმრობაში, მათ შორის 36 აზერბაიჯანში, 32 რუსეთში, 27 ბელარუსში, 26 რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, 24 თურქეთში, 2 სომხეთში და 1 საქართველოში.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის, პლატფორმამ პირველად დააფიქსირა სომხეთში ჟურნალისტების დაკავების შემთხვევა. ნახსენებია პოდკასტერების, ნარეკ სამსონიანის და ვაზგენ საღათელიანის სახელები, რომლებიც ხულიგნობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ანგარიში მოუწოდებს ევროპის საბჭოს, ევროკომისიას და ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოს, უზრუნველყონ პრესის თავისუფლების სტანდარტების განხორციელება. ისინი რეკომენდაციას უწევენ ჟურნალისტების უსაფრთხოების გაძლიერებას, საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობის დაცვას და ქალი ჟურნალისტების დაცვის გაზრდას, როგორც პრიორიტეტს. ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმა 2015 წელს დაარსდა ევროპის საბჭოს მიერ გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოღვაწე რეპუტაციის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.









