ეკონომიკა

„იქნება მხოლოდ გაძვირებული ცხოვრება, როდესაც აეროპორტს გადავიტანთ – ვაზიანში მრავალი ბუნკერია მიწისქვეშ, რატომ ვანგრევთ“

BPN.ge წერს, რომ „ახალ აეროპორტთან დაკავშირებით მე საერთოდ კითხვის ნიშანს დავსვამდი“, – ამის შესახებ „ეარ ჯორჯიასა“ და HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია მგზავრთნაკადი 30 მილიონამდეც კი გაზარდოს, გაუგებარია, რას ემსახურება ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობა.

„ახალ აეროპორტთან დაკავშირებით მე საერთოდ კითხვის ნიშანს დავსვამდი. როცა გვაქვს შესანიშნავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გაზრდის, განვითარების, ისიც გაუგებარია ჩემთვის როცა ამბობენ, რომ ლიმიტი არის 15 მილიონი მგზავრი.

ჩვენ საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია 20-30 მილიონი მგზავრიც გაატაროს არის პროექტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება, არსებული აეროპორტის განვითარება ისე, რომ 20-30 მილიონ მგზავრს მოემსახუროს. ამაზე მე უკვე მაქვს ნამუშევარი, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

„ვაზიანში მრავალი ბუნკერია მიწისქვეშ, რატომ ვანგრევთ?“ – როდიდან ამოქმედდება ახალი აეროპორტი თბილისთან

როგორც სპეციალისტისთვის, დამერწმუნეთ, არის კითხვის ნიშნები. ჩვენთვის გაუგებარია, რა აუცილებლობას წარმოადგენს ახალი აეროპორტის მშენებლობა და კიდევ ამდენი თანხის ინვესტიცია, მილიარდობით…

ვაზიანის სამხედრო აეროპორტი უკვე აშენებულია, მრავალი მილიარდი დოლარია ჩადებული ამერიკელების და ჩვენ მიერ, ერთობლივად. იქ არის მიწის ქვეშ მრავალი საცავი, ბუნკერები. მარტო ამის დანგრევა ჯდება მილიონობით დოლარი. რატომ ვანგრევთ, რაც გაკეთებული გვაქვს?!

შემდეგ მისი აშენება დაჯდება კიდევ მილიარდობით და დამატებით ინფრასტრუქტურა, რომ მივიდეს ამ აეროპორტთან მგზავრი, არანაკლები თანხა დაჯდება. მგზავრს ვუპრობლემებთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უფრო ახლოს არის, ვიდრე ვაზიანის.

ანუ ჩვენი მომხმარებლები 20-30 ლარით გადაადგილდებიან, მერე 50-100 ლარი დასჭირდებათ რომ მოხვდნენ ვაზიანის აეროპორტში. ანუ არანაირ ეკონომიკურ ეფექტს არ წარმოადგენს.

იქნება მხოლოდ გაძვირებული ცხოვრება, როდესაც აეროპორტს გადავიტანთ. ამასთან, ინვესტორი, რომელიც ამ თანხას ჩადებს, არავინ იცის ამ ფულს როდის ამოიღებს იმიტომ, რომ ეს არის გაუმართლებელი“, – ამბობს გიორგი კოდუა.

ცნობისთვის, როგორც 2026 წლის იანვარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2031 წლიდან ამოქმედდება და წლიურად დაახლოებით 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი ამ მიმართულებით ოპერირებას შეწყვეტს.

ნახეთ მეტი
Back to top button