Radio France Internationale-მა სომხური საინფორმაციო გამოშვება გახსნა

ფრანგულმა საერთაშორისო რადიოსადგურმა Radio France Internationale (RFI) სომხური საინფორმაციო გამოშვება გახსნა, რაც მედიასაშუალების მე-18 უცხოენოვანი სერვისი გახდა.
ახალი პლატფორმა ექსკლუზიურად აღმოსავლურ სომხურ ენაზე იმუშავებს და მხოლოდ ციფრულ კონტენტზე იქნება ორიენტირებული.
RFI-ის ცნობით, 8 ჟურნალისტისგან შემდგარი გუნდი სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის Instagram-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე მუშაობით განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიას ისახავს მიზნად.
სომხური სამსახურის მთავარი რედაქტორის, ასტრიგ აგოპიანის თქმით, დღეს ახალგაზრდა აუდიტორია ინფორმაციას ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით მოიხმარს, ამიტომ მედია ამ რეალობას უნდა მოერგოს.
ახალი რედაქციის პრიორიტეტებია ოპერატიული რეპორტაჟი, ინოვაციური ფორმატების სიუჟეტები და ფაქტების შემოწმება. RFI აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციის გავრცელების პირობებში, ახალი სერვისი მიზნად ისახავს არა მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას, არამედ აუდიტორიას ყალბი ამბების გარჩევაში დახმარებასაც.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ლილიტ შაჰვერდიანი მაისის ბოლოდან სომხეთში იმუშავებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის მომავალ საარჩევნო პროცესებს გააშუქებს.







