მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და აშშ ურთიერთობების ისტორიულად უპრეცედენტო ეტაპზე გადავიდნენ – არარატ მირზოიანი

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე აიყვანეს და მას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა უწოდეს.

Armenpress- ის ცნობით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად გაკეთებული ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

მირზოიანის თქმით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ერევანში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თანმიმდევრული განმტკიცებისკენ მიმართულ ერთგულებაზე მოწმობს.

„ჩვენს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთობები დღეს მტკიცეა ისე, როგორც არასდროს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ გადავედით ისტორიულად უპრეცედენტო ეტაპზე, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული ხშირი და რეგულარული განვითარების გათვალისწინებით“, – განაცხადა მირზოიანმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული სამიტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უმასპინძლა. მირზოიანმა აღნიშნა, რომ ამ სამიტზე შესაძლებელი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დადასტურება, ასევე შეთანხმებების მიღწევა რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის თაობაზე.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 2026 წლის იანვარში ვაშინგტონში მან და სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ხელი მოაწერეს დოკუმენტს TRIPP პროექტის განხორციელების ჩარჩოს შესახებ, ახლა კი ერევანში უკვე ამავე პროგრამის თაობაზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პარაფირება მოხდა.

„ამავე წლის იანვრის დასაწყისში მე და ჩემმა პატივცემულმა კოლეგამ, სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ვაშინგტონში ხელი მოვაწერეთ ახალ დოკუმენტს TRIPP პროექტის განხორციელების ჩარჩოს შესახებ. სულ რაღაც რამდენიმე თვეში კი დღეს, მაისში, ერევანში შევძელით TRIPP პროგრამის თაობაზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პარაფირება“, – აღნიშნა მირზოიანმა.

მისი თქმით, სომხეთსა და აშშ-ს უკვე აქვთ ხელმოწერილი და ნაკისრი ვალდებულებები ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და ბირთვული ენერგეტიკის სფეროებში, ასევე გაფორმდა ახალი დოკუმენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულისა და მინერალების შესახებ.

მირზოიანმა განსაკუთრებით გამოყო სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის ცვლილება: „ცოტა ხნის წინ მე და სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანეთ და მას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ვუწოდეთ“.

მინისტრის განმარტებით, ახალი დოკუმენტი გამდიდრდა ახალი შესაძლებლობებით, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის კუთხით.

მან ასევე მაღალი შეფასება მისცა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში.

„მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი და მაღალი შეფასება მივცე პრეზიდენტ ტრამპისა და მისი მთელი ადმინისტრაციის – სახელმწიფო მდივან რუბიოს და ყველას როლსა და ერთგულებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, ისევე როგორც სომხეთისთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის საქმეში“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button