
სომეხმა ყვავილების მწარმოებლებმა ნიდერლანდებში მოქმედ მსოფლიოში უდიდეს ყვავილების სავაჭრო პლატფორმაზე წვდომა მოიპოვეს.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა პირადად მომწერა, რომ ისინი ყველა შესაძლო საშუალებით დაუჭერენ მხარს სომეხ ყვავილების მწარმოებლებს ამ ბაზარზე და პლატფორმაზე წვდომის მოსაპოვებლად“, – თქვა ფაშინიანმა.
რუსეთმა აკრძალა სომხური ყვავილების იმპორტი. ყვავილების გარდა, რუსეთმა საპარლამენტო არჩევნების წინ სომხეთში სხვა სომხურ პროდუქტებზეც დააწესა შეზღუდვები. კერძოდ, აიკრძალა მინერალური წყლის „ჯერმუკის“, თევზის პროდუქტების და ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელის იმპორტი, ასევე შეზღუდვები დაწესდა სომხურ ბოსტნეულის და ხილის იმპორტზე. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა გამოაცხადა სომხეთისთვის დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს 50 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დაუყოვნებლივ მხარდაჭერას, ასევე დამატებით ზომებს სომხური პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.







