
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს იწვევს, შეუერთდნენ სომხეთის მთავრობის საკადრო ბანკს.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.
„მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ყველას გეპატიჟებით შეუერთდეთ სომხეთის მთავრობის საკადრო ბანკს. ჩემი მოწვევა ეხება მათ, ვინც განათლება მიიღო მსოფლიოს 200 საუკეთესო უნივერსიტეტში QS World University Rankings-ის, Times Higher Education-ის (THE) ან Academic Ranking of World Universities-ის (ARWU, Shanghai Ranking) საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით და მზად არიან შეუერთდნენ სომხეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების სისტემას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected]. რეზიუმეს უნდა დაერთოს არაუმეტეს ერთი გვერდის მოცულობის მოტივაციის წერილი. პირველი ეტაპისთვის განაცხადების მიღების ვადაა 2026 წლის 15 ივნისიდან 15 ივლისამდე.
წინასწარი შერჩევის შედეგად გამარჯვებულ კანდიდატებს შეხვედრაზე მიიწვევენ. საკადრო ბანკში შეყვანილ კანდიდატებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კონკრეტულ სამუშაოს შესთავაზებენ“, – წერს ფაშინიანი.







