ევროკომისია სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დაჩქარებული ზომების პაკეტს ამზადებს

ევროკომისია სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დაჩქარებული ზომების პაკეტს ამზადებს, რუსეთის მიერ სომხეთიდან იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე.
ამის შესახებ Financial Times-ი 4 წყაროზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულია, რომ ბრიუსელი სავაჭრო ზომებს ამუშავებს, რომლებიც სომხურ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ექსპორტზე საბაჟო გადასახადებს შეამცირებს. ევროკომისიის წარმომადგენელმა ოლოფ გილმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ევროკომისია სავაჭრო ზომებს შესთავაზებს, რათა სომხურ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე მეტი შესაძლებლობა მისცეს, ასევე მხარი დაუჭიროს ეკონომიკის იმ სექტორებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსული შეზღუდვების გამო.
„ახლა დროა წინ წავიდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ, რათა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ საიმედო პარტნიორი“, – განაცხადა FT-ის ერთ-ერთმა წყარომ.
ზომები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობისა და ევროპარლამენტის თანხმობას მოითხოვს, სავარაუდოდ, 20 პროდუქტის კატეგორიის უმეტესობას მოიცავს, რომელთა ღირებულება წელიწადში დაახლოებით 420 მილიონი ევროა. თუმცა, წყაროების ცნობით, სომხური პროდუქციიდან ზოგიერთი პრობლემურია ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის. ეს ძირითადად კონიაკს ეხება, რომელიც სომხეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, საფრანგეთისთვის კონიაკის წარმოების მნიშვნელობის გათვალისწინებით. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი „კონიაკის“ ნაცვლად გამოიყენებს დასახელებას „სომხური ბრენდი“.
ასევე სირთულესთანაა დაკავშირებული ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნიდან თურქეთის ან საქართველოს გავლით მალფუჭებადი საქონლის ტრანსპორტირებაც.
რუსეთმა აკრძალვები და შეზღუდვები დააწესა სომხეთის მრავალი პროდუქტის იმპორტზე 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რომლებიც ძალაში რჩება. რუსეთის მიერ სომხეთისთვის იმპორტის ამ აკრძალვების ფონზე, სომხეთი ამრავალფეროვნებს თავის საექსპორტო ბაზრებს ევროკავშირისა და სხვა ბაზრების მიმართულებით.







