
სომხეთის რესპუბლიკა და ირანის ისლამური რესპუბლიკა ენერგეტიკის სექტორში ერთობლივ სპეციალიზებულ სამუშაო ჯგუფს შექმნიან, რომელიც გაზით ვაჭრობაზე იქნება ორიენტირებული.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი.
შეთანხმება თეირანში სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდათიანსა და ირანის ნავთობის მინისტრ მოჰსენ პაკნეჯადს შორის შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა.
„შეაქო რა სომხეთი რთულ დროს ირანის გვერდით დგომისთვის, პაკნეჯადმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თეირანის მზადყოფნა, გააძლიეროს თანამშრომლობა თავის ჩრდილო-დასავლეთ მეზობელთან მისი ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში“, – აღნიშნა ირანულმა მედიასაშუალებამ.

ირანის ნავთობის მინისტრის თქმით, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრი, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის გაფართოება, ტექნიკური და საინჟინრო მომსახურების ექსპორტი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა და ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთში.
პაკნეჯადმა ასევე განაცხადა, რომ თეირანი და ერევანი შეთანხმდნენ ერთობლივი სპეციალიზებული სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და შესთავაზეს სამუშაოების რაც შეიძლება მალე დაწყება, რათა ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში კონკრეტული შედეგები შეფასდეს. ირანის ნავთობის მინისტრმა შეახსენა, რომ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული პარტნიორობა გაზ-ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ შეთანხმებას ეფუძნება.







