„ზოლოტაია კორონას“ სერვისმა რუსეთიდან სომხეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში თანხის გადარიცხვა შეწყვიტა

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სერვისმა „ზოლოტაია კორონამ“ რუსეთიდან საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში თანხის გადარიცხვა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოდ დუროვა“ ავრცელებს, წერს „არტ თაიმ“-ი. წყაროს ცნობით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, ევროპული სანქციების ახალ პაკეტს უკავშირდება. „არტ თაიმი“ ადასტურებს, რომ რუსი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი „ზოლოტაია კორონას“ აპლიკაცია აღარ იძლევა ფულადი გზავნილების განხორციელების საშუალებას ბევრ ქვეყანაში, რაც ადრე იყო ხელმისაწვდომი. სერვისი ახლა მხოლოდ ოთხი მიმართულებით სთავაზობს გადარიცხვებს: თურქეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. რუსეთში ბევრი რუსი და უცხოელი „ზოლოტაია კორონას“ სერვისს იყენებდა, როგორც, შესაძლოა, ბოლო კანონიერ გზას საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში გადარიცხვების განსახორციელებლად. 23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტი. სიას 218 ახალი პუნქტი დაემატა: 48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირი. კერძოდ, ევროკავშირმა გაყინა 94 ბანკისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის აქტივები და ტრანზაქციების აკრძალვა კიდევ 33 რუსულ საკრედიტო ინსტიტუტზე გაავრცელა. სანქციებმა ასევე იმოქმედა კრიპტო ბირჟებზე რამდენიმე ქვეყანაში.







