საზოგადოება

რატომ ჭიანურდება ხიდის მშენებლობის დაწყება საქართველო-სომხეთის საზღვარზე

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა ხიდის, რომელმაც საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცესი უნდა შეამსუბუქოს, მშენებლობის დაყოვნების მიზეზებზე

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, უნიკალური ქართულ-სომხური პროექტის „მეგობრობის ხიდის” რეალიზაცია ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო, თუმცა, ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ხიდი, გეგმის მიხედვით, ექსპლუატაციაში 2021 წლის შემოდგომაზე ჩაეშვას, განუცხადა „Sputnik-სომხეთს” ირანული სამშენებლო კომპანია Tunnel Sadd Ariana-ს წარმომადგენელმა სომხეთში ართავაზდ ბაგუმიანმა.

უფრო ადრე ცნობილი იყო, რომ მშენებლობა მოქმედი, მაგრამ მოძველებული ნაგებობის ადგილზე 2019 წლის სექტემბერში დაიწყებოდა და უკვე 2021 წლის შემოდგომაზე მდინარე დებედზე აგებული იქნებოდა „მეგობრობის ხიდი”.

საერთაშორისო ტენდერში ირანულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ქართულ და სომხურ მხარეებთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ახლა ვასრულებთ ხიდის დაპროექტებაზე მუშაობას. ველოდებით მშენებლობის ნებართვას. ეს საკითხი ტექნიკური საკითხებისა და ბიუროკრატიის გამო ჭიანურდება”, – განაცხადა ბაგუმიანმა.

მისი პროგნოზით, ნებართვა, დიდი ალბათობით, წელს გაიცემა, ხოლო მშენებლობა 2019 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. საქართველოსა და სომხეთში შექმნილია კომისიები, რომლებიც შეისწავლიან ამ პროექტს. ორივე ქვეყანაში მისი დამტკიცების შემდეგ მშენებლობის დაწყების ნებართვა სახელმწიფოთაშორისმა კომისიამ უნდა გასცეს.

„მეგობრობის ხიდი” ორივე ქვეყნის მთავრობების მხარდაჭერით შენდება. პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელმაც ამისთვის საქართველოს 6 მილიონი ევრო გამოუყო.

ერთობლივი ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის. მხარეებმა დაფინანსება გაიყვეს — კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი — საქართველო.

ახალი ხიდის მეშვეობით მძღოლები დაბრკოლების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებით. ამჟამად საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელია ადგილობრივი სოფლის გადაკვეთა, რომელიც გარკვეულწილად მოუხერხებელია.

ნახეთ მეტი
Back to top button