პოლიტიკა

მეტი ქალი პოლიტიკაში – “ოცნების” პრაგმატული თუ დისკრიმინაციული ნაბიჯი

,,მთავარი არხი” წერს, რომ დისკრიმინაცია თუ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა – პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობის ზრდის ინიციატივა დაპირისპირების მიზეზი გახდა. კითხვაზე, რა პრინციპით უნდა მოხვდეს ქალი სიაში – მხოლოდ სქესის თუ უნარჩვევების მიხედვით, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებშიც კი განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. საბოლოოდ, უმრავლესობამ ინიციატივა დაამტკიცა. ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია, სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს და მომავალ პარლამენტში მინიმუმ 30 ქალი დეპუტატი იქნება.

ადაც და სოფოც, ეკაც, გუგულიც, თამარებიც, ნინოც, სვეტლანაც და ფატიც – ის, ვინც დღეს სხდომას ესწრებოდა, ერთად იბრძოდნენ, რომ პარლამენტს კვოტირების საკითხი მიეღო. ქალი დეპუტატები, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია აქვთ მათ პარტიებს, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში და პარლამენტში საჭიროა. ამიტომ ცვლილებებს, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის, საერთო მხარდაჭერა ჰქონდა. 

დეპუტატი ქალების ეს არგუმენტები მიუღებელია მათი კოლეგა კაცი დეპუტატებისთვის. პოლიტიკური სხვადასხვაობის მიუხედავად, მათი ნაწილი აპროტესტებდა, რომ საარჩვენო სიაში მოხვდე მხოლოდ იმიტომ რომ ქალი ხარ, შეურაცხმყოფელია. 

ვინც კვოტირების ახალ წესს სხდომათა დარბაზში აპროტესტებდა, პასუხი ყველას ცვლილებების ავტორმა ირაკლი კობახიძემ გასცა. თქვა, რომ “ოცნების” ვარიანტი პრაგმატულია. მე-9 მოწვევის პარლამენტში 21 ქალია. თუ ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის პრინციპი დაკანონდება, მაშინ გამოდის, რომ მომდევნო მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს 30 ქალი დეპუტატი ეყოლება. 

ირაკლი კობახიძემ დღეს ოპონენტებსაც შეუტია “ევროპული საქართველოდან”, თუ რატომ არ უჭერენ მხარს კვოტირების საკითხს. ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ, რომ ოცნების ინიციატივა პრობლემის მოგვარებისთვის გამოსავალი არ არის. “ნაციონალური მოძრაობა” კი კვოტირების საკითხს მხარს უჭერს, რადგან ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ქალებს გაძლიერება ჭირდებათ. 

ის ვინც პარლამენტს შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ახლა წლებია, პარტიასაც თავმჯოდმარეობს, პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მომხრეა. თუმცა ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ყველამ თავის დამკვიდრება მისი კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად უნდა შეძლოს. რადიკალური იყო შალვა ნათელაშვილი. პირველმა “ლეიბორისტმა” მმართველი პარტიის ინიციატივა კვოტირებაზე დისკრიმინაციად გამოაცხადა. 

პარლამენტის შიგნით და გარეთ დისკუსიის მიუხედავად, უმრავლესობამ 91 მომხრით და 5 წინააღმდეგით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო. მათ შორის მხარის დაუჭირა კვოტირების საკითხსაც.  

ნახეთ მეტი
Back to top button