საერთაშორისო

მაუწყებლობას განაგრძობს უნიკალური პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც მოიცავს ყველა კლასს, საგანს, გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე, საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე: მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ზოგადი განათლების შესახებ საუბარი პანდემიის პერიოდში სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დაიწყო და განაცხადა, რომ უწყებამ საერთაშორისო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნება და სასწავლო პროცესის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში წარმართვა უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მედია.

„2021 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი ძირითადად ჩვეულ გარემოში – საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, სადაც მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. სკოლები სრულად იცავენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში პროცესს ვმართავთ წერტილოვანი შეზღუდვებით და ამ მიდგომის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში ვინარჩუნებთ სტაბილურ ვითარებას და არ გვაქვს შიდა გავრცელების შემთხვევები.

სკოლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, ზედმიწევნით დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელია პირბადეების ტარება. სამინისტროს წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან სკოლებში არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე ისაუბრა პანდემიის დროს მოსწავლეებისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის კუთხით სამინისტროს მიერ გახორციელებულ პროექტებზე.

„მაუწყებლობას განაგრძობს სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით შექმნილი უნიკალური პროექტი „ტელესკოლა“. როგორც მოგეხსენებათ, გაკვეთილების ბადე მოიცავს ყველა კლასს და საგანს, ტარდება აბიტურიენტის საათი, გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე, საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. „ტელესკოლას“ ახლახან დაემატა გადაცემა „სამასწავლებლო“, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმასაც, რომ BBC-მ მოსწავლეებს „ტელესკოლა“ 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა, მაშინ როცა ის საქართველოს განათლების სისტემაში 10 თვით ადრე დავნერგეთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button