ეკონომიკა

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე “მეგობრობის” ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დასასრული გაზაფხულზეა დაგეგმილი

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სადახლო-ბაგრატაშენის საგუშაგოზე „მეგობრობა“ სახელწოდების მქონე ხიდის  მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სადახლო-ბაგრატაშენის საგუშაგოზე მშენებარე ახალი ხიდის სამშენებლო პროგრამის ხელმძღვანელმა იზაბელა მურადიანმა „არმენპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო, ამ დრომდე საკმაოდ დიდი სამუშაოებია ჩატარებული. დასრულებულია მიწის, საძირკვლის გათხრის, საყრდენი კედლებისა და სვეტების ჩაბეტონების სამუშაოები.

„ამ დროისთვის სწორედ ჰორიზონტალური ზედაპირის შემადგენელი ნაწილის – ბეტონის კოჭების წარმოების პროცესია. მთელი ხიდი შედგება 50-მდე კოჭისგან, რომელთაგან 16 უკვე წარმოებულია და მათი მონტაჟი და დაკავშირება თებერვალში დაიწყება. პროექტი ორ ხიდს ითვალისწინებს. თითოეულ ხიდს ორი სავალი ზოლი ექნება. შესრულებული სამუშაო, რომელიც აღვნიშნე, ეხება ორ ხიდს“, – განაცხადა იზაბელა მურადიანმა.

მშენებლობის ეტაპისთვის გათვალისწინებულია 12 თვე. იზაბელა მურადიანის თქმით, 2022 წლის გაზაფხულზე, როგორც დაგეგმილია, სამშენებლო სამუშაოები დროულად დასრულდება.

„მეტიც, ჩვენ გრაფიკს ცოტაც კი წინ ვუსწრებთ. თუ არ იქნება ფორსმაჟორული ვითარება, ამას დროულად დავასრულებთ. შეიძლება ითქვას, რომ კაპიტალური სამუშაოების უმეტესობა შესრულებულია. გაზაფხულის დასაწყისში სამუშაოები დამთავრებული გვექნება ძირითად ბეტონაციაზე და კოჭებზე. დარჩება ინფრასტრუქტურის: ასფალტის, წყალგარიდების, განათების, ტროტუარების სამუშაოები, რომლის დასრულებას ასევე ვგეგმავთ დროულად“, – განაცხადა პროექტის მენეჯერმა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ იქნება საინჟინრო ზედამხედველობის პროცესი. ზაფხულის ბოლომდე იგეგმება ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა.

 „ორი ნაწილისგან შემდგარი ახალი ხიდი საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, გამტარუნარიანობა უფრო მაღალი იქნება. ძველ ხიდზე დღეს გვაქვს სატვირთო და დიდი მანქანების სადგომი, რაც ამძიმებს ნაკადს. საბჭოთა პერიოდში აშენებული ხიდი ამდენი ნაკადისთვის და გადატვირთვისთვის არ იყო გათვლილი, ამიტომ მას მრავალი ბზარი აქვს. ახალი ხიდის გამტარუნარიანობა 4-ჯერ მეტია. ტევადობიდან გამომდინარე, დიდ მანქანებს ხიდზე გაჩერება არ მოუწევთ, საბაჟოზე გადაკვეთის პროცესი უფრო სწრაფი და მარტივი, კომფორტული და თანამედროვე იქნება. ამ დროისთვის ხიდზე დიდი მანქანები გვყავს გაჩერებული, რომლებსაც გაჩერება უწევთ. ხიდების ზომის გაზრდის შემთხვევაში ეს პრობლემა არ გვექნება, ტრანსპორტირება შეუფერხებლად იქნება“, – განაცხადა მან.

იზაბელა მურადიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხიდი იქნება მძლავრი ინფრასტრუქტურა ტვირთების გადაზიდვის, ეკონომიკური საკითხებისა და ტურისტული თვალსაზრისით. პროექტის მენეჯერის თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმპორტისთვის, რისთვისაც ის ძირითადი გამშვები პუნქტია.

რაც შეეხება ძველ ხიდს, იზაბელა მურადიანმა აღნიშნა, რომ ამ წუთებში პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მისი შეკეთება და გამაგრება. ეს იქნება ალტერნატივა გადატვირთვის ან რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის სიტუაციების შემთხვევაში.

პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ევროა. დაახლოებით 7,3 მილიონი ევროა სამშენებლო კომპონენტი, 1,7 მილიონი – ტექნიკური კონტროლისთვის. ინვესტიციები სომხეთიდან და საქართველოდანაა.

ანა გზირიანი

ნახეთ მეტი
Back to top button