კულტურა

თბილისში აღმოჩენილია მარმარილოს საფლავის ქვები სომხური წარწერებით

სომეხი ეროვნების საზოგადო მოღვაწემ ლევონ ჩიდილიანმა „ალიკ მედიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელი კულტურის სამინისტროსა და თბილისის 104-ე სკოლის ტერიტორიაზე XIV საუკუნიდან არსებობდა უმნიშვნელოვანესი სომეხთა ეპარქიის პრესვიტერიანული ეკლესია,  რომელიც აკურთხეს „წმიდა ღვთისმშობლის“ სახელით, მაგრამ მთელ კომპლექსს ეწოდა „მონასტრის დედა ტაძარი“ ანუ „სამონასტრო ეკლესია“.

„ეს იყო უზარმაზარი სამგუმბათოვანი ნაგებობა ცალკე სამრეკლოთი. ირგვლივ საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრები იყო. და სწორედ აქ დაარსდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სომხური სკოლა –  „ნერსისიანის სკოლა“, – ამბობს ჩიდილიანი.

მისი თქმით, უკვე კომუნისტური ათეიზმის  წლებში, როცა ათიათასობით ეკლესია იქნა დანგრეული, „ტფილისის მონასტრის  საკათედრო დედა ტაძარიც“ დაინგრა.

საზოგადო მოღვაწის თქმით, აღმოჩენილი საფლავის ქვები კულტურის სამინისტროში უკვე ცნობილია. ჩიდილიანის თქმით, სამუშაოების დროს მოსალოდნელია ახალი ნიმუშების აღმოჩენაც.

„ამ დროისთვის ასევე აღმოჩენილია 2 სამარხი ძვლებით. გუშინ ადგილზე შეხვედრა გაიმართა ქართველ  სომეხთა ეპარქიის წინამძღოლ მამა კირაკოს დავთიანთან, გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორ ვან ბაიბურთთან და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღმოჩენები სომხური ეკლესიის ტრადიციების შესაბამისად  დაუბრუნდეს სომხურ საზოგადოებას“, – განაცხადა საზოგადო მოღვაწემ.

ჩიდილიანი აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ბევრი სიწმინდე და საფლავის ქვა მოიპოვება, რადგან მონასტერი, გარდა იმისა, რომ იყო საგანმანათლებლო და რელიგიური ცენტრი, იყო ეროვნული პანთეონიც.

„აქ დაკრძალულია ალექსანდრე მანთაშიანი მეუღლესთან ერთად, გენერლები ჰაკობ ალხაზოვი, არშაკ ტერ-ღუკასოვი, საზოგადო მოღვაწეები:  აბგარ ოვანესიანი (გაზეთის „არძაგანქის„ დამფუძნებელი, რედაქტორი), პეტროს სიმონიანი (გაზეთის „მეღუ სომხეთი“  რედაქტორი), საქართველოს სომხური ეპარქიის ხელმძღვანელი გაბრიელი (აივაზოვსკი) (ჰოვანეს აივაზოვსკის უფროსი ძმა) და ა.შ., ასევე გაბრიელ სუნდუკიანი,  თბილისის  მერი ალექსანდრე მატინიანცი“, – ამბობს ჩიდილიანი და დასძენს, რომ მისი კვლევის შედეგების მიხედვით, პანთეონში  80 ცნობილი სომეხი იყო დაკრძალული.

მისი თქმით, მაშინ როცა კომუნისტურმა ხელისუფლებამ სომხური ეკლესია დაანგრია, მთელი სასაფლაოც დაანგრიეს. მარმარილოს ქვებს იყენებდნენ სამშენებლო მასალად ინტერიერის დეკორაციისთვის;

„ეს მარმარილოს ქვები გამოიყენებოდა იმ დროის მნიშვნელოვანი შენობების ასაგებად. ეს არის მარქსიზმ-ლენინიზმის სახელობის ინსტიტუტი, დღევანდელი პარლამენტის შენობა და ა.შ.“.

ნახეთ მეტი
Back to top button