რუსეთიც და აზერბაიჯანიც ერევნის ევროპულ ხაზში თავიანთ ინტერესებს საფრთხეს ხედავენ – BBC

პარასკევს ბრიუსელში გაიმართა აშშ-ევროკავშირი-სომხეთის სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ენტონი ბლინკენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. .
შეხვედრის დაწყებამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ხოლო სომხეთის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შესაძლებლობაზე დაიწყეს საუბარი, -აღნიშნავს BBC.
ერევანი ასევე ცდილობს ევროპასთან თავდაცვის კავშირების დამყარებას. ბოლო ამ დღეებში საფრანგეთი დათანხმდა ერევნისათვის თანამედროვე იარაღის მიწოდებაზე და სომხური არმიის წვრთნაზე. აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია გაფართოვდა.
რუსეთიც და აზერბაიჯანიც ერევნის ევროპულ ხაზში თავიანთ ინტერესებს საფრთხეს ხედავენ და სერიოზულ შედეგებზე აფრთხილებენ. ფაშინიანი ამტკიცებს, რომ საუბარია არა დასავლეთისკენ მოქცევაზე, არამედ „ურთიერთობების დივერსიფიკაციაზე“.
დამოუკიდებლობის წლებში სომხეთი ცდილობდა მანევრირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის, თანამშრომლობდა ამ უკანასკნელთან ტექნოლოგიების, განათლებისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროებში, მაგრამ მაინც ეყრდნობოდა მოსკოვს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.
BBC ამტკიცებს, რომ ეს გათვლა არ იყო სწორი. სომხურმა მხარემ მძიმე მარცხი განიცადა ყარაბაღის კონფლიქტში.
რუსი სამშვიდობოების ყოფნამ არ შეაჩერა აზერბაიჯანის არმია და 100 ათასმა ყარაბაღელმა სომეხმა 2023 წლის სექტემბერში სახლები დატოვა.
პარალელურად, შეიარაღებული შეტაკებები მოხდა ორი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზეც. და თუ ყარაბაღის დამოუკიდებლობას არც ერთი ქვეყანა არ ცნობდა, მათ შორის თავად სომხეთიც, ერევანი იმედოვნებდა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სამხედრო ალიანსის, კუხო-ს დახმარებას ოფიციალურ საზღვრებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ მოხდა.







