მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა აღიარა პალესტინის სახელმწიფო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ. Armenpress-ი გთავაზობთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას:

“გაზაში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობა და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხებია, რომლებიც მოითხოვენ მოგვარებას. სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად უარყოფს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობას და სამოქალაქო პირების მძევლად აყვანას, უერთდება მათი უპირობო გათავისუფლების საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს.

სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს, რომლებიც მოუწოდებენ გაზაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას. უფრო მეტიც, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებით, ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგების დამყარებით. საერთაშორისო სხვადასხვა პლატფორმებზე ჩვენ მუდმივად გამოვდივართ პალესტინური საკითხის მშვიდობიანი და კომპლექსური გადაწყვეტის სასარგებლოდ და მხარს ვუჭერთ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტას “ორი სახელმწიფო” პრინციპით. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რათა პალესტინელებმა და ისრაელელებმა შეძლონ თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელება.

ზემოთ აღნიშნულის და საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი თავისი ერთგულების დადასტურების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკა ცნობს პალესტინის სახელმწიფოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button