
უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House მიესალმა სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას. როგორც ARMENPREES-ი აქვეყნებს ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის X მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში.
“ჩვენ მივესალმებით აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ქარტიის ხელმოწერას, როგორც სომხეთის უწყვეტი პროგრესისა და დემოკრატიული განვითარების ერთგულების დასტურს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა სომხეთის მთავრობას, წინ წაიწიოს დაპირებული რეფორმები:
„ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთის მთავრობას, გააგრძელოს ის რეფორმები, რომლის გატარებასაც დაგვპირდა, ეს ეხება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთმა და ამერიკის შეერთებული შტატებმა 14 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხელმოწერის ცერემონიისას აღნიშნა, ქარტია ქმნის მყარ საფუძველს და უფრო ამბიციურს ხდის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ის მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ხალხთა შორის კონტაქტების გაფართოებას.







