ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ივანიშვილის ადვოკატი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე დაიკითხა. ინფორმაციას FORMULANEWS-ი აქვეყნებს.
ივანიშვილის უფლებადამცველმა ისაუბრა იმ წერილზე, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ეს წერილი მან გაუგზავნა ბაჩიაშვილს.
ასევე, მან აღნიშნა, რომ ამ წერილის შინაარსში “კრიმინალურს ვერაფერს ხედავს” და აღნიშნულს “შეთავაზებას” უწოდებს, რაც მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო.
ადვოკატის ცნობით, ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხება, რადგან წიქვაძის თქმით, ის “დაზარალებულია”.
“მუქარის წერილს ვერ დავარქმევ ამას. ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა, მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის. […]
მემგონი ძალიან მარტივად ავხსენი ყველაფერი. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არ არის. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება. პირიქით, კარგია. […]
მიგვაჩნია, რომ ჩვენი უფლებები არის შელახული. ჩვენი ბიტკოინები, უფრო სწორად, ჩემი მარწმუნებლის, არის მითვისებული და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებელი აქ არ არის. არავითარი “კრიმინალური შოჩიკები” არავისთვის არ აქვთ ჩართული”, – თქვა ივანიშვილის ადვოკატმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი, მტკიცებულებების გამოკვლევის მიზნით, 29 იანვარს ჩაინიშნა.







